კვირას, 8 ივნისს, ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში ათიათასობით ადამიანი გამოვიდა ქუჩებში, მთავრობის გადადგომისა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მოთხოვნით. ამის შესახებ The Guardian იუწყება.
გამოცემის ცნობით, კვირას გამართულ საპროტესტო აქციაზე, რომელიც ოპოზიციური კონსერვატიული სახალხო პარტიის მიერ იყო ორგანიზებული ლოზუნგით „მაფია თუ დემოკრატია“, 45 000-დან 50 000-მდე ადამიანი შეიკრიბა.
ორგანიზატორების შეფასებით, 100 ათასამდე ადამიანი იყო შეკრებილი.
ბოლო ერთი წლის განმავლობაში სანჩესის მთავრობა და მისი გარემოცვა კორუფციის ბრალდებების სერიის წინაშე აღმოჩნდა.
ესპანეთის სოციალისტურ მუშათა პარტიაზე (PSOE) ზეწოლა ბოლო დღეებში გაიზარდა მას შემდეგ, რაც პარტიის ყოფილ წევრს ბრალი დასდეს ცილისწამების კამპანიის წამოწყებაში ეკონომიკურ დანაშაულებთან ბრძოლის განყოფილების ხელმძღვანელის წინააღმდეგ,რომელიც იძიებს პრემიერ-მინისტრის მეუღლის, ბეგონია გომესის, მისი ძმის, დავიდ სანჩესის და ყოფილი ტრანსპორტის მინისტრის, ხოსე ლუის აბალოსის საქმეებს.
თავად სანჩესმა პოლიტიკური და მედია ოპონენტები მისი და მეუღლის წინააღმდეგ „შევიწროებისა და დაშინების ოპერაციის“ ჩატარებაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მის წინააღმდეგ წაყენებული ცრუ ბრალდებები მისი „პირადი და პოლიტიკური კრახის“ გამოწვევას ისახავს მიზნად.
დემონსტრანტებს გამოტანილი ჰქონდათ პლაკატები წარწერებით „სანჩესი მოღალატეა“ და „მთავრობავ, გადადექი“. სახალხო პარტიის ლიდერმა ალბერტო ნუნეზ ფეიჟუმ სიტყვით გამოსვლისას მთავრობას კვლავ მოუწოდა ვადამდელი არჩევნების ჩატარებისკენ.
სანჩესის მეუღლეს საგანმანათლებლო ცენტრ IE Africa Center-ში მუშაობის დროს გავლენის უკანონოდ გამოყენებასა და კორუფციაში ადანაშაულებენ. როგორც ამბობენ, სავარაუდოდ, ის რამდენიმე კომპანიას, რომელთანაც მუშაობდა, სახელმწიფო სუბსიდიების მიღებაში დაეხმარა.