ევროკავშირის ხელმძღვანელობამ და გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა, ფოლკერ ტურკმა, პარასკევს, 6 ივნისს, მოუწოდეს შეერთებულ შტატებს, გააუქმოს სანქციები სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) სააპელაციო პალატის ოთხი მოსამართლის წინააღმდეგ, რომელთაგან ორი ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს და ყოფილი თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის დაპატიმრების ორდერების გაცემას განიხილავდა.
„ევროკომისია სრულად უჭერს მხარს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს და მის თანამდებობის პირებს. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო მსოფლიოში ყველაზე სერიოზული დანაშაულების ჩამდენ პირებს პასუხისმგებლობას აკისრებს და მსხვერპლებს ხმის მიცემის საშუალებას აძლევს.
მას უნდა შეეძლოს ზეწოლის გარეშე მოქმედება. ჩვენ ყოველთვის დავუჭერთ მხარს გლობალურ სამართლიანობას და საერთაშორისო სამართლის პატივისცემას“, - დაწერა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა სოციალურ ქსელ X-ში.
მოსამართლეების შესახებ ასევე ისაუბრა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა.
„საერთაშორისო სასამართლო უზრუნველყოფს სამართლიანობას ყველაზე სერიოზული დანაშაულების წინაშე. ის ზეწოლისგან თავისუფალი და თავისი პრინციპების ერთგული უნდა იყოს.
ჩვენ ყოველთვის მხარს დავუჭერთ მის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საქმიანობას და დავიცავთ მის დამოუკიდებლობას“, - წერს კალასი X-ში.
ფოლკერ ტურკმა „ღრმა შეშფოთება“ გამოთქვა აშშ-ის ხელისუფლების გადაწყვეტილების გამო. მან მოითხოვა ამ ზომების დაუყოვნებლივ გადახედვა და გაუქმება.
„მოსამართლეებზე თავდასხმა სასამართლო ფუნქციების შესრულების გამო, ეროვნულ თუ საერთაშორისო დონეზე, პირდაპირ ეწინააღმდეგება კანონის უზენაესობის პატივისცემას და კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპს - ღირებულებებს, რომლებსაც თავად შეერთებული შტატები დიდი ხანია იცავს“, - განაცხადა გაერო-ს უმაღლესმა კომისარმა.
შეერთებულმა შტატებმა 5 ივნისს გამოაცხადა, რომ ქვეყანაში ოთხი მოსამართლის პოტენციური აქტივები გაყინავს.
სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ეს არის შეერთებული შტატების, ისრაელის და „ყველა სხვა მოკავშირის“ სუვერენიტეტის დაცვა.
ორი მოსამართლე - სლოვენიიდან და ბენინიდან მონაწილეობდა სამართალწარმოებაში, რომლის შედეგად ნეთანიაჰუს დაპატიმრების ორდერის გაიცა.
კიდევ ორი მოსამართლე - პერუდან და უგანდიდან - მონაწილეობდა განხილვაში, რომელსაც მოჰყვა აშშ-ის ჯარების მიერ ავღანეთში ჩადენილი ომის დანაშაულების შესახებ გამოძიების დაწყების შესაძლებლობა.