თეთრი სახლი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და მილიარდერ ილონ მასკს შორის შესაძლო შერიგებაზე მიანიშნებენ. იუწყება Politico
გამოცემა წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ტრამპისა და მასკის შერიგების მიზნით თეთრი სახლი დღეს მათ სატელეფონო საუბარს გეგმავს.
თავად ტრამპმა, Politico-სთან სატელეფონო კომენტარში, მასკთან დაპირისპირების შესახებ კითხვაზე განაცხადა, რომ „ყველაფერი რიგზეა“.
„ყველაფერი ძალიან კარგად მიდის, უკეთესად ვერც იქნება“, - აღნიშნა მან.
რაც შეეხება მასკის კომენტარს, რომ ტრამპი არჩევნებს მისი დახმარების გარეშე ვერ მოიგებდა, ამაზე პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მისი რეიტინგი იმაზე მაღალია, ვიდრე ოდესმე ყოფილა.
დონალდ ტრამპმა ოვალურ კაბინეტში გერმანიის კანცლერთან ერთად მედიასთან საუბრისას თქვა, რომ იმედგაცრუებულია ილონ მასკით. რის შემდეგაც ამერიკელმა მილიარდერმა ილონ მასკმა დაწერა, რომ მის გარეშე ტრამპი არჩევნებს წააგებდა.
ილონ მასკმა აშშ-ის მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიცია გასულ კვირას დატოვა. აღნიშნულ დეპარტამენტს, რომელიც ხარჯების შესამცირებლად შეიქმნა, მასკი 129 დღის განმავლობაში ხელმძღვანელობდა.
ამის შემდეგ მილიარდერი ბიზნესმენი თითქმის განუწყვეტლივ აკრიტიკებდა ტრამპის კანონპროექტს გადასახადების შემცირებისა და საბიუჯეტო ხარჯების შემცირების შესახებ. მასკმა 4 ივნისს X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში კანონპროექტს "გულისამრევი საშნელებაც" უწოდა და დაამატა: "სირცხვილი მათ, ვინც ამას მხარი დაუჭირა: თქვენ იცით, რომ არასწორად მოიქეცით".
კანონპროექტი ზოგიერთ სფეროში, მათ შორის თავდაცვისთვის და მიგრაციული პოლიტიკის გასატარებლად ხარჯების გაზრდას, სახელმწიფო ვალის ლიმიტის გაზრდას და საგადასახადო შეღავათებს ითვალისწინებს.