სტამბოლში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, უკრაინის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ უკრაინისა და რუსეთის დელეგაციები შეთანხმდნენ მძიმედ დაჭრილი და ახალგაზრდა სამხედრო მოსამსახურეების კიდევ ერთ გაცვლაზე, ფორმულით „ყველა ყველაზე“. მისივე თქმით, შეხვედრაზე ასევე განიხილეს უკრაინის წინადადება ივნისის ბოლოს ორი ქვეყნის ლიდერების შეხვედრის შესახებ.
უმეროვმა აღნიშნა, რომ ორშაბათს გამართულ შეხვედრაზე უკრაინამ პირველად იხილა რუსეთის წინადადებები ცეცხლის შეწყვეტისა და ომის დასრულების შესახებ, უკრაინის წინადადებებს კი მოსკოვმა მაინც არ უპასუხა.
„ჩვენს გუნდებს დოკუმენტების შესასწავლად ერთი კვირა ექნებათ, რის შემდეგაც შემდგომი ნაბიჯების კოორდინაციას შევძლებთ“, - აღნიშნა მან.
ამავდროულად თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ მხარეები შეთანხმდნენ, რომ სამხედრო ტყვეების გათავისუფლების საკითხში „ყურადღება გაამახვილონ კონკრეტულ კატეგორიებზე და არა რაოდენობაზე“.
„ჩვენ შევთანხმდით მძიმედ დაჭრილი და მძიმედ დაავადებული სამხედრო ტყვეების „ყველა ყველაზე“ გაცვლაზე.
მეორე კატეგორიას წარმოადგენენ 18-დან 25 წლამდე ასაკის ახალგაზრდა ჯარისკაცები, „ყველა ყველაზე“.
ჩვენ ასევე შევთანხმდით დაღუპული ჯარისკაცების ცხედრების „6000/6000-ზე“ დაბრუნებაზე“, - აღნიშნა უმეროვმა.
უმეროვმა დაადასტურა, რომ უკრაინამ რუსეთს გადასცა რამდენიმე ასეული უკრაინელი ბავშვის სია, რომლებიც რუსეთის ფედერაციაში იყვნენ დეპორტირებული. მისი თქმით, ელოდება მოსკოვის ქმედებებს ამ მიმართულებით.
მოლაპარაკებების დღის წესრიგში კიდევ ერთი საკითხზე - ლიდერების დონეზე შეხვედრის ორგანიზების შესახებ იმსჯელეს, მოლაპარკებებში სხვა ლიდერების, მაგალითად, აშშ-ის პრეზიდენტის შესაძლო მონაწილეობა განიხილეს.
„ჩვენ გვჯერა, რომ დელეგაციებს შორის შემდგომ მუშაობას აზრი აქვს, თუ ის ლიდერების შეხვედრისთვის მომზადებას ისახავს მიზნად. ჩვენ რუსულ მხარეს შევთავაზეთ, რომ ამ თვის ბოლომდე - 20-დან 30 ივნისამდე - ლიდერების დონეზე შეხვედრა ჩატარდეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია მოლაპარაკებების პროცესისთვის“, - აღნიშნა უმეროვმა.