უკრაინულმა დრონებმა პირველად შეუტიეს ციმბირს.
რეგიონზე თავდასხმის შესახებ ირკუტსკის ოლქის გუბერნატორმა, იგორ კობზევმა განაცხადა.
„სოფელ სრედნიაში მდებარე სამხედრო ნაწილზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა. პირველად ციმბირში. ერთი თავდასხმა ნოვომალტინსკის ძველ შენობაზე იყო. უპილოტო საფრენი აპარატების ზუსტი რაოდენობა ჯერ ცნობილი არ არის. ადგილზე ოპერატიული და უსაფრთხოების სამსახურები გაიგზავნა: FSB-ს, საგანგებო სიტუაციების სამინისტროს თანამშრომლები და რუსეთის ეროვნული გვარდიის მებრძოლები“, - წერს ის.
კობზევის თქმით, ისევე როგორც მურმანსკის მახლობლად ოლენიას აეროპორტის შემთხვევაში, თავდასხმა სატვირთო მანქანის საბარგულიდან გადმოფრენილი დრონებით განხორციელდა.
ასევე რიაზანის ოლქზე დრონით განხორციელებული თავდასხმის შესახებ იუწყება გუბერნატორი პაველ მალკოვი. თუმცა მას არ დაუსახელებია ობიექტი, რომელზე იერიში განხორციელდა
„ბავშვთა დღეს ტერორისტებმა ჩვენს რეგიონში კიდევ ერთი თავდასხმა განახორციელეს. წინასწარი ინფორმაციით, მას მსხვერპლი არ მოჰყოლია. ჩამოვარდნილი უპილოტო საფრენი აპარატის ფრაგმენტმა ერთ-ერთი საცხოვრებელი შენობის სახურავი დააზიანა; მატერიალური ზარალის შეფასება მიმდინარეობს“, - დაწერა მან Telegram-ზე.