პარტია გახარია "საქართველოსთვის" წევრი, თეონა აქუბარდია ადასტურებს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ საქართველო-ნატო-ს პარლამენტთაშორის საბჭოს მუშაობა შეუჩერდა.
მისი თქმით, ფლობს ცნობებს იმის შესახებ, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის საკომიტეტო ასამბლეაზე "ქართული ოცნების" დელეგაციას ნამდვილად შეეზღუდა ხმის მიცემის და კომენტარების გაკეთების უფლება, ასევე შეუწყდა რეზოლუციაში ცვლილებების შეტანისა და სემინარებზე/კომიტეტების სხდომებზე დასწრების უფლებაც.
"ჩემი ინფორმაციითაც, წარმოადგენს სიმართლეს და ერთპარტიული პარლამენტის დელეგაციას და არა საქართველოს დელეგაციას, საკომიტეტო ასამბლეაზე ხმის მიცემის უფლება აქვს შეზღუდული, ისევე როგორც კომენტარების და რეზოლუციაში ცვლილებების ინიცირება და სემინარებსა და კომიტეტის სხდომებზე მონაწილეობაც. ყველაფერი განპირობებულია იმით, რომ ეს არის ერთპარტიული პარლამენტი, რაც ნორმა არ არის". - განუცხადა თეონა აქუბარდიამ "ტვ პირველს".
30 მაისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის გაზაფხულის სესიაზე, რომელიც აშშ-ს ქალაქ დეიტონში გაიმართა, საქართველო-ნატო-ს პარლამენტთაშორის საბჭოს მუშაობა შეუჩერდა.