ნიკა მელიამ პოლიციას თავი დააჭერინა და უნდათ სხვაზე გადაიტანონ, წარმოუდგენელი ამბავია, წინა დღით ქალაქში სეირნობას და პოლიციელების შეურაცხყოფას არ დააპირებდა, რომ არ ჰქონოდა ეს განზრახვა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ნიკა მელიამ მდაბიო პიარკამპანია აწარმოა და პოლიციას თავი დააჭერინა.
„გირაოს ვინც არ იხდის, მას ეფარდება პატიმრობა, მარტივი ამბავია და ამით რაღაცის შექმნა, ზღაპრის სფეროდან არის, წარმოუდგენელია. რომელი ბრალდებულიც გირაოს არ იხდის, მას პატიმრობა რომ ეფარდება, მე მგონი ამისგან სკანდალის გამოყვანა ცოტა, ოდნავ გაგიჭირდებათ. ეს ერთი. მეორე, წინა დღეზე რომ ლაპარაკობენ, ე.ი. კაცი იმუქრებოდა, რომ გამაგრდებოდა, ვერ დაიჭერდნენ, სხვადასხვა ვერსიებს აყალიბებდა, რომ როგორ გამაგრებულიყო და აქ ახლო მახლოს რომ არის ე.წ. ალამუთის ციხე, როგორც შეარქვეს თავად უკვე ყოფილ „ნაცების“ ოფისს, მაშინდელი სცენარის არის იყოს, აპირებდა, გამაგრებულიყო თავის ოფისში და წინა დღეს გამოვიდა, დასეირნობდა ქალაქში, შეურაცხყოფას აყენებდა პოლიციელებს. თავი დააჭერინა კაცმა და უნდათ გადაიტანონ სხვაზე. წარმოუდგენელი ამბავია, წინა დღით ქალაქში სეირნობას და პოლიციელების შეურაცხყოფას არ დააპირებდა, რომ არ ჰქონოდა ის განზრახვა, რომ წინა დღეს დაეჭირათ და მერე მეორე დღეს თავი ემართლებინა თანაგუნდელების წინაშე, რომ აი, რა ვქნა, წინა დღით დამიჭირეს, თორემ მეორე დღეს დავანგრევდი ყველაფერსო. მარტივი ამბავია, მდაბიო პიარკამპანია აწარმოა და თავი დააჭერინა გადაჭარბების გარეშე. სულ ეს იყო“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მისი თქმით, საერთო კონტექსტია – პოლიციელის სილის გაწვნა, მოსამართლისთვის წყლის შესხმა, რაც ტრენინგებზე ნასწავლი ილეთებია.
„საერთო კონტექსტია – პოლიციელის სილის გაწვნა, მოსამართლისთვის წყლის შესხმა, ამას თავისით კი არ შვრებიან. დარწმუნებული ვარ, ეს არის ტრენინგებზე ნასწავლი ილეთები, რომ დისკრედიტაცია მოახდინონ სხვადასხვა ინსტიტუტების – სასამართლოსი, პოლიციის. ეს შემთხვევით არ ხდება, ეს არის დისკრედიტაციის ნაწილი, რომელიც ისწავლება აკერმანის სახელმძღვანელოებში, ისწავლება სხვადასხვა სახელმძღვანელოში, რომლითაც ისინი ცდილობენ მაიდნების მოწყობას, რაც საქართველოში საბედნიეროდ არ გამოსდით“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.