ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იან ლიპავსკი გამოეხმაურა უკრაინაში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, კიტ კელოგის განცხადებას, რომლის ღანახმად, აშშ მზადაა განიხილოს ნატო-ს აღმოსავლეთისკენ გაფართოების შეჩერების საკითხი.
ლიპავსკიმ აღნიშნა, რომ ნატო-ს გაფართოება რუსეთის უსაფრთხოების ინტერესებს შეესაბამება და არა პირიქით.
„ნატო-ს გაფართოება რუსეთის უსაფრთხოების ინტერესებს შეესაბამება. იქ, სადაც რუსეთი ნატო-ს ქვეყნებს ესაზღვრება, ომი არ არის. სხვა რეგიონებში კი - არის“, - წერს ლიპავსკი X-ზე.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა უკრაინის საკითხებში, კიტ კელოგმა განაცხადა, რომ აშშ მზადაა განიხილოს რუსეთის მოთხოვნები ნატო-ს არგაფართოების გარანტიებთან დაკავშირებით. "ისინი მხოლოდ უკრაინაზე არ საუბრობენ. ისინი ახსენებენ ასევე საქართველოს და მოლდოვას. და ჩვენ ვამბობთ, კარგი, შეგვიძლია განვიხილოთ ნატო-ს თქვენს საზღვართან გაფართოების შეჩერება. ეს მათი უსაფრთხოების ინტერესებია,“ - განაცხადა კელოგმა.