საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, „წინააღმდეგობის პლატფორმამ“ „ვაიმარის სამკუთხედის“ ლიდერებს იმ საკითხებით მიმართა, რომლებიც „დღესვე პარტნიორებისა ყურადღებასა და ევროკავშირის უფრო აქტიურ, ეფექტურ და ჩამოყალიბებულ პოლიტიკას მოითხოვს საქართველოს მიმართ“.
ამის შესახებ ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე განცხადებით, მათ მიმართვაში გაიმეორეს „ორი ურყევი მოთხოვნა - პოლიტიკური პატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლება და ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა“.
„ჩვენ ერთობლივად მივმართეთ „ვაიმარის“ სამივე ლიდერს, რომლებმაც საქართველოს ხალხს 26 მაისი მიულოცეს და თავიანთი მხარდაჭერა გამოხატეს. ეს წერილი თქვენთვის გაზიარებული იქნება. ჩვენ მათ მივმართეთ მთელი რიგი საკითხებით, რომლებიც დღესვე მოითხოვს ყურადღებას ჩვენი პარტნიორებისა და ევროკავშირის უფრო აქტიურ, ეფექტურ და ჩამოყალიბებულ პოლიტიკას საქართველოს მიმართ. ასევე, გავუმეორეთ ჩვენი მთავარი ორი მოთხოვნა, რომელიც ურყევი რჩება. ეს არის პოლიტიკური პატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლება და ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა, თავისი პირობებით. ის უნდა იყოს სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნები, რომელსაც ეს ქვეყანა მოითხოვს. ასევე, მოითხოვს ამ ქვეყნის სტაბილურობას, სხვანაირად ვერ იქნება ამ ქვეყანაში ის სტაბილურობა, რომელიც ჩვენს ყველა პარტნიორს აინტერესებს. იმედი გვაქვს, რომ მათ პირდაპირი მხარდაჭერა გვექნება“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
„წინააღმდეგობის პლატფორმის“ მიმართვის ტექსტს სალომე ზურაბიშვილის პრესსამსახური ავრცელებს:
„ემანუელ მაკრონს, საფრანგეთის პრეზიდენტს, ფრიდრიხ მერცს, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერს, დონალდ ტუსკს, პოლონეთის პრემიერმინისტრს, თქვენო აღმატებულებავ, ჩვენ, „წინააღმდეგობის პლატფორმას“, რომელიც პროდასავლურ პოლიტიკურ პარტიებს აერთიანებს და რომელსაც კოორდინაციას პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უწევს, ქართველი ხალხის სახელით, რომელიც მტკიცედ დგას დემოკრატიის თავისუფლებისა და ევროპული ინტეგრაციის სადარაჯოზე, გვსურს, გულითადი მადლობა გადაგიხადოთ თქვენი მხარდამჭერი და სოლიდარული გზავნილის გამო საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით.
ჩვენ ვაფასებთ თქვენს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევრო-ატლანტიკური მისწრაფების მიმართ - განსაკუთრებით ამ რთულ დროს. თქვენს მხარდაჭერას ჩვენი დემოკრატიული და ევროპული მისწრაფებების მიმართ, რომელიც გამოხატავს ჩვენი ერის ფუნდამენტურ ღირებულებებსა და იდენტობას, მნიშვნელოვანი მორალური და პოლიტიკური წონა აქვს. თქვენი გზავნილი ევროპული საზოგადოების სოლიდარობის ძლიერ შეხსენებად გვევლინება საქართველოს დემოკრატიული, სტაბილური და წარმატებული მომავლისკენ სწრაფვაში.
ბოლო დროს განვითარებული მოვლენები - მათ შორის დემოკრატიის უკუსვლა, სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი მედიისა და პოლიტიკური ოპოზიციის მზარდი რეპრესიები, დე-ფაქტო რეჟიმის მიზანმიმართული მცდელობა, რომ ქვეყანა ევროპულ გზას ჩამოაშოროს - ეწინააღმდეგება დემოკრატიული ანგარიშვალდებულების ძირითად პრინციპებსა და ფართო საზოგადოებრივ კონსენსუსს. ეს სახიფათო ტრაექტორია, რომელიც ევროპის კარებთან ვითარდება, მხოლოდ მისი მტრების ინტერესებშია. მაშინ, როცა რუსეთი აძლიერებს ჰიბრიდულ ომს საქართველოს წინააღმდეგ და იყენებს დე-ფაქტო რეჟიმს მოსკოვის სტრატეგიული მიზნების გასატარებლად.
ჩვენ ვრჩებით ერთგულნი ქართველი ხალხის ევროპული არჩევანის მიმართ და ვისწრაფვით მიმდინარე კრიზისის დემოკრატიული გზით გადაწყვეტისკენ. ამ მიზნის მისაღწევად, ვთვლით, რომ აუცილებელია შემდეგი ნაბიჯები:
ევროკავშირის დონეზე საქართველოს მიმართ თანმიმდევრული და სათანადო პოლიტიკის ჩარჩოს შემუშავება – საჭიროა შედეგებზე ორიენტირებული გეგმა მიმდინარე კრიზისის დასაძლევად, მკაფიო პირობებით, რომელიც ერთდროულად წაახალისებს პროგრესს და შეუსრულებლობის შემთხვევაში, უზრუნველყოფს ანგარიშვალდებულებას მკაცრად დადგენილ ვადებში;
სანქციების პოლიტიკა – მიზნობრივმა სანქციებმა უკვე მოახდინა გავლენა რეჟიმის ძალაუფლებრივ ვერტიკალზე, რაც ბიძინა ივანიშვილის გარემოცვიდან საკვანძო ფიგურების წასვლამაც დაადასტურა: ირაკლი ღარიბაშვილი, გრიგოლ ლილუაშვილი და სულ ახლახან, ვახტანგ გომელაური (რომელიც ამერიკულ “მაგნიტსკის აქტსა” და დიდი ბრიტანეთის ადამიანის უფლებათა გლობალური სანქციების სიაშია შესული).
ქართველი ხალხი მოელის ამ სანქციების გამკაცრებას, რადგან ეს ხელს უშლის ავტორიტარიზმის კონსოლიდაციას და ამცირებს რეჟიმის გავლენას;
ახალი, თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების ორგანიზება – არჩევნები უნდა ჩატარდეს ჭეშმარიტად ღია და დემოკრატიულ გარემოში და უნდა აღმოიფხვრას 2024 წლის ოქტომბრის არჩევნების ყველა ჩავარდნა. შესაბამისი ინსტიტუტების დემოკრატიული ლეგიტიმაციის და საარჩევნო პროცესისადმი ნდობის აღსადგენად განსაზღვრულია მკაფიო პირობები და გარანტიები და აუცილებელია მათზე შეთანხმება და მათი ზედმიწევნით შესრულება;
საქართველოში დემოკრატიული მმართველობის და საქართველოს ევროპული კურსის აღდგენის საგზაო რუკა – აუცილებელია კოლექტიური ძალისხმევა დემოკრატიულ ნორმებთან სწრაფად დასაბრუნებლად და ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესის აღსადგენად, მათ შორის საქართველო-ევროკავშირის ასოცირების დღის წესრიგის განსახორციელებლად;
სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი მედიისა და დემოკრატიული ოპოზიციის მხარდაჭერა – მიმდინარე დევნისა და ფინანსური ზეწოლის პირობებში, მნიშვნელოვანია მუდმივი მხარდაჭერა დამოუკიდებელი ხმების შესანარჩუნებლად და ავტორიტარიზმისკენ სვლის შესაჩერებლად;
პოლიტიკური პატიმრების დაუყოვნებლივი და უპირობო გათავისუფლება – ყველა პოლიტპატიმარი, რომელიც იბრძოდა საქართველოში თავისუფლებისა და დემოკრატიისათვის და რეჟიმის მსხვერპლად იქცა ავტოკრატიული მმართველობის წინააღმდეგ ხმის ამაღლების გამო, უნდა განთავისუფლდეს დაუყოვნებლივ და უპირობოდ.
დარწმუნებულები ვართ, რომ ეს ქმედებები აუცილებელია არა მხოლოდ არსებული კრიზისის დასაძლევად, არამედ ევროპისთვის განმსაზღვრელი ღირებულებებისა და სტანდარტებისადმი საქართველოს ერთგულების ხელახლა დასადასტურებლად.
სრული პატივისცემით მოგიწოდებთ, რომ „ვაიმარის სამკუთხედის“ ქვეყნები, სხვა მოკავშირეებთან ერთად, გაუძღვნენ საქართველოში მიმდინარე კრიზისის მშვიდობიანი გადაწყვეტის პროცესს.
კიდევ ერთხელ, მადლობას გიხდით ქართველი ხალხის გვერდით დგომისთვის. თქვენი მხარდაჭერა გვაძლიერებს და იმედს გვაძლევს მაშინ, როდესაც პრინციპულ საერთაშორისო ჩართულობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს.
გულწრფელი მადლიერებით, სალომე ზურაბიშვილი („წინააღმდეგობის პლატფორმაში“ შემავალი პარტიების სახელით - „დროა“, „ფედერალისტები“, „ლელო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „თავისუფლების მოედანი“, „ევროპული საქართველო“, „გირჩი - მეტი თავისუფლება“)“,- ნათქვამია მიმართვაში.