გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაგრძელებისა და გაფართოების შესახებ განაცხადა. მერცის თქმით, გერმანია შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების უკრაინაში წარმოებას დააფინანსებს. მათ შორის დააფინანსებს Starlink-ის მნიშვნელოვან ნაწილს.
"შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი სამხედრო მხარდაჭერა გაგრძელდება და გაფართოვდება, რათა უკრაინამ ახლაც და მომავალშიც რუსული აგრესიისგან თავის დაცვა შეძლოს. ამასთან, მინდა ვთქვა, რომ უკრაინისთვის Starlink-ის მნიშვნელოვან ნაწილს დავაფინანსებთ", - თქვა მერცმა უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.
მან ასევე განაცხადა, რომ ორივე ქვეყნის თავდაცვის მინისტრები დღეს ხელს მოაწერენ გერმანიის მიერ უკრაინული წარმოების შორი მოქმედების სისტემების შეძენის შესახებ დოკუმენტს.
„ჩვენი თავდაცვის მინისტრები შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების შესახებ მემორანდუმს გააფორმებენ. რაკეტების მოქმედების მანძილზე შეზღუდვები არ იქნება, რათა უკრაინამ საკუთარი თავის დაცვა შეძლოს“, - აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.
ამავდროულად, მერცმა აღნიშნა, რომ უკრაინისთვის შორი დისტანციის იარაღის გამოყენებაზე არანაირი შეზღუდვა არ უნდა არსებობდეს.
„უკრაინა სრულად შეძლებს თავის დაცვას“, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა.