სტამბოლის მოლაპარაკებებზე რუსებმა უპირობო ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებაზე კატეგორიული უარი თქვეს - სერჰიი კისილიცაუკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სტამბოლში რუსეთთან მოლაპარაკებებზე უკრაინის დელეგაციის წევრმა, სერჰიი კისლიცამ განაცხადა, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის 16 მაისს სტამბოლში გამართულ შეხვედრაზე რუსეთის დელეგაციამ კატეგორიულად უარყო უპირობო ცეცხლის შეწყვეტის შესაძლებლობა.
კისლიცამ უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ რუსეთის წარმომადგენლები მოქმედებდნენ კრემლისგან მიღებული მკაცრი დირექტივების შესაბამისად, რომლებიც არ ითვალისწინებდა უკრაინულ მხარესთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობას.
კისლიცამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინული და ამერიკული მხარის მიერ საომარი მოქმედებების უპირობო შეწყვეტის შესახებ წინადადებების მიუხედავად, რუსეთის დელეგაციამ ასეთი ნაბიჯებისთვის მზადყოფნა არ გამოხატა.
„მოლაპარაკებების დროს მათ რამდენჯერმე თქვეს: „უპირობო ცეცხლის შეწყვეტა კატეგორიულად მიუღებელია“, - განაცხადა კისილიცამ.
მან აღნიშნა, რომ რუსები უკრაინისგან ოთხი რეგიონის დათმობას მოითხოვდნენ და განაცხადეს, რო შემდგომში ექვსი ან რვა რეგიონს მოთხოვდნენ.
„მუქარის, ცინიზმისა და ამორალური განცხადებების რაოდენობა - ეს თითქმის უწყვეტი ნაკადი იყო,“ - აღნიშნა კისილიცამ.
მისივე განცხადებით, რუსეთის დელეგაციამ მოლაპარაკებებზე კიდევ ერთხელ გამოავლინა დამოკიდებულება, რომ ისინი უკრაინის როგორც დამოუკიდებელი ქვეყნისა და ერის არსებობას არ აღიარებენ და რომ თითქოს, "რუსები კლავენ რუსებს“
"არ ვიცი, იყო თუ არა ეს მედიაში, მაგრამ ვფიქრობ, რომ ამის თქმა შეიძლება. მაგალითად, გარკვეულ ეტაპზე რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელი ეუბნება უკრაინის სრულუფლებიან დელეგაციას, რომელიც შედგება მაღალი რანგის დეპარტამენტის ხელმძღვანელებისგან, ფრონტზე მყოფი სამხედრო პირებისგან - „კარგი, იცით, არსებითად, ეს ომია, როდესაც რუსები რუსებს კლავენ“. ანუ, თქვენ გესმით? ეს ქვეყანა უარყოფს ჩვენს არსებობას, როგორც ერის. ისინი პირში გვეუბნებიან: თქვენ არ ხართ უკრაინელი, თქვენ რუსი ხართ. უბრალოდ, რუსები კლავენ რუსებს“, - თქვა მინისტრის მოადგილემ.
შეგახსენებთ, 2022 წლის შემდეგ პირველად, უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკებები 16 მაისს, სტამბოლში გაიმართა.