კიევი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და რუსეთის ლიდერ, ვლადიმირ პუტინს შორის შესაძლო შეხვედრაზე მუშაობს.
ამის შესახებ ჟურნალისტებს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრიი სიბიჰამ განუცხადა.
მისი თქმით, მოსკოვის სტრატეგია ამერიკის შეერთებული შტატების სამშვიდობო მოლაპარაკებებიდან გაყვანაა, თუმცა სიბიჰა დარწმუნებულია, რომ ევროპული უსაფრთხოების ინფრასტრუქტურა ამერიკული მხარის გარეშე ვერ ჩამოყალიბდება.
„ჩვენ გვჭირდება აშშ-ის ჩართულობა, ჩვენ მივესალმებით აშშ-ის და პრეზიდენტ ტრამპის სამშვიდობო მცდელობებს. თურქეთში შეხვედრის გასაგრძელებლად არანაირი პირობა არ შეიძლება არსებობდეს. იქ მიღწეული იქნა მკაფიო შეთანხმება, თუ ამოვიღებთ ყველა ფსევდოისტორიულ ლექციას, რომელიც რუსეთის დელეგაციამ წაიკითხა“, - განაცხადა სიბიჰამ.
მინისტრმა აღნიშნა, რომ მხარეები შეთანხმდნენ სამხედრო ტყვეების გაცვლაზე და მისი განხორციელება უკვე დაწყებულია.
ახლა უკრაინა ელოდება, რომ მოსკოვი წარუდგენს უპირობო ცეცხლის შეწყვეტის ხედვას.
მსგავსი დოკუმენტი კიევშიც მზადდება. მესამე პუნქტი ზელენსკის და პუტინს შორის პირადი შეხვედრის ორგანიზებაზე მუშაობას ეხება.
„არ გამოვრიცხავთ, რომ ეს შეხვედრა შესაძლოა გაფართოებული ფორმატით ჩატარდეს. ჩვენ ძალიან გვსურს, რომ პრეზიდენტი ტრამპი [შეხვედრას] შეუერთდეს. და ჩვენ დაჟინებით მოვითხოვთ, რომ ევროპა მომავალში შესაძლო მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა იყოს“, - აღნიშნა სიბიჰამ.
შეკითხვაზე, მიიჩნევს თუ არა უკრაინა ვატიკანს სამშვიდობო მოლაპარაკებების პლატფორმად, სიბიჰამ დადებითად უპასუხა.