უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინამ და რუსეთმა დაასრულეს 1000/1000-ის ფორმატით გაცვლის შეთანხმების პირველი ნაწილი, რომლის ფარგლებშიც უკრაინაში 390 ადამიანი დაბრუნდა, ამდენივე ტყვე დაბრუნდა რუსეთშიც.
„1000-ის 1000-ზე გაცვლის შესახებ შეთანხმების პირველი ნაწილი ამოქმედდა. ეს შეთანხმება თურქეთში გამართულ შეხვედრაზე იქნა მიღწეული და მნიშვნელოვანია მისი სრულად განხორციელება. დღეს - 390 ადამიანი. შაბათს და კვირას - ჩვენ ველით, რომ გაცვლა გაგრძელდება“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდმირ ზელენსკიმ.
მანამდე, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ გაცვლის ფარგლებში რუსეთში ორას სამოცდაათი სამხედრო მოსამსახურე და 120 მშვიდობიანი მოქალაქე დაბრუნდა.
უკრაინის საკოორდინაციო შტაბის ცნობით, ტყვეობიდან 270 სამხედრო მოსამსახურე და 120 მშვიდობიანი მოქალაქე გაათავისუფლეს. გათავისუფლებულთა შორის სამი ქალია.