ბელგრადში ვიზიტის დროს ევროპული საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა,კაია კალასმა, განაცხადა, რომ სერბეთი გეოპოლიტიკურ გზასთან დაკავშირებით სტრატეგიული არჩევანის წინაშე დგას.
კალასმა აღნიშნული განცხადება სერბეთის პრეზიდენტის, ალექსანდრ ვუჩიჩის მიერ 9 მაისის აღლუმში მონაწილეობიდან რამდენიმე კვირის შემდეგ გააკეთა.
„სერბეთი სტრატეგიული, გეოსტრატეგიული არჩევანის წინაშე დგას იმასთან დაკავშირებით, თუ სად სურს ყოფნა. სერბეთის ევროპული მომავალი დამოკიდებულია იმ ღირებულებებზე, რომელთა დაცვასაც ის გადაწყვეტს, - განაცხადა კალასმა.
მისი თქმით, ვუჩიჩთან მოსკოვში მისი აღლუმში მონაწილეობოს შესახებაც ისაუბრა „მე ჩემი ძალიან მკაფიო აზრი გამოვთქვი. ვერ ვხვდები, რატომ უნდა დავდგეთ იმ ადამიანის გვერდით, რომელიც უკრაინაში საშინელ ომს აწარმოებს“,- თქვა კალასმა.
ვუჩიჩმა განმარტა, რომ მოსკოვში გამართულ აღლუმში მონაწილეობა, ევროკავშირის გაფრთხილებების მიუხედავად, რუსეთთან ტრადიციული მეგობრობის გამოვლინება იყო, რომელსაც ის სლავურ და მართლმადიდებლურ მოკავშირედ მიიჩნევს.
ამავდროულად, მან დაადასტურა ევროკავშირში გაწევრიანების სურვილი.
„სერბეთის პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან ჩემი საუბრებიდან ნათელია, რომ ევროკავშირის წევრობა სტრატეგიულ მიზნად რჩება. თუმცა, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენ უნდა ვნახოთ ქმედებები, რომლებიც ამ სიტყვებს ადასტურებს და განამტკიცებს“, - განაცხადა კალასმა.
მან აღნიშნა, რომ ევროკავშირში გაწევრიანებისკენ რეალური პროგრესის მისაღწევად საჭიროა კონკრეტული ქმედებები - კერძოდ, რეფორმები, მედიის თავისუფლება, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა და საარჩევნო რეფორმა.