გირაოს არგადახდა, ერთი მხრივ, უკავშირდება კანონის დაუმორჩილებლობას, მეორე მხრივ, არის მცდელობა, რაც შეიძლება მეტი მოხვდეს საპატიმროში, რომ შემდეგ ეს უცხოეთში გაიყიდოს, თითქოს საქართველოში პოლიტიკოსები არიან საპყრობილეებში, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.
„ჩვენმა ოპონენტებმა ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლა წამოიწყეს, რაც ახლა ამ ფორმატით გრძელდება. კანონში გაწერილია აღმკვეთი ღონისძიებები და როცა პირს საშუალება აქვს, გირაოთი შეიცვალოს პატიმრობა, რა თქმა უნდა, ეს მისი უფლებაა, მაგრამ როცა ამ უფლებით არ სარგებლობს და გირაოს არ იხდის, კანონი მოქმედებაში უნდა მოვიდეს. როგორც სხვა შემთხვევაში პირი გირაოს თუ არ გადაიხდის, დაპატიმრებული იქნება, ამ შემთხვევაშიც ალბათ ყველასთვის ლოგიკურია, რომ გამონაკლისები არ უნდა იყოს. ისეთი ოდიოზური პირების შემთხვევაშიც, როგორებიც ზურაბ ჯაფარიძე და სხვები არიან, კანონმა უნდა იკანონოს. ალბათ ლოგიკურია, ვიფიქროთ, რომ მათი გადაწყვეტილება, არ გადაიხადონ გირაო, ერთი მხრივ, უკავშირდება კანონისადმი დაუმორჩილებლობას, რაც საკანონმდებლო ჩარჩოს არევს, რადგან თუ კანონი ერთი ადამიანის მიმართ ვერ მუშაობს, სხვების შემთხვევაში როგორ იმუშავებს? ამიტომ, თუ მათ ეს გაუვათ, სახელმწიფოსთვის საზიანო იქნება. მეორე მხრივ, ბუნებრივია, ისინი ცდილობენ, რომ რაც შეიძლება მეტი მოხვდეს საპატიმროში, რომ შემდეგ ეს უცხოეთში გაყიდული იყოს, თითქოს საქართველოში პოლიტიკოსები არიან საპყრობილეებში და გავრცელდეს ისეთი ცრუ ნარატივი, რაც აქამდეც ჰქონდათ. მათი ნაწილი ისეა გადანაწილებული, რომ ზოგმა გირაო გადაიხადოს და გარეთ დარჩეს, მავნებლური პოლიტიკით იმუშაოს, ხოლო მეორე ნაწილმა თავი დაიტუსაღოს, რათა ის სურათი შექმნან, რაც უნდათ, რომ საზღვარგარეთ გაყიდონ“, – აღნიშნა ნინო წილოსანმა.