შეერთებული შტატები ბოლო წლებში უკრაინისთვის მოწოდებული დახმარების ხელახალ ანალიზს ჩაატარებს. ამერიკის ადმინისტრაცია ამ საკითხს დეტალურად შეისწავლის, თუ უკანონო მითვისება გამოვლინდება.
ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა. ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
„ცხადია, ჩვენი ყველა დახმარების ანალიზი ჩატარდება“, - თქვა მან.
რუბიომ აღნიშნა, რომ შეერთებულ შტატებს ჰყავს გენერალური ინსპექტორები, ასევე ამ საკითხის სპეციალური გენერალური ინსპექტორი.
„თუ აღმოვაჩენთ უკანონო მითვისებას ან მანიპულირებას, აუცილებლად გამოვიძიებთ“, - თქვა მან.
სახელმწიფო მდივანმა დასძინა, რომ შეერთებული შტატების მთავარი მიზანი უკრაინასა და რუსეთს შორის ომის დასრულებაა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვაშინგტონმა უკვე გაუწია სასწრაფო დახმარება კიევს, თუმცა საბრძოლო მოქმედებები უნდა შეწყდეს.
„ეს ომი სამხედრო გზით ვერ გადაწყდება. ეს მხოლოდ მოლაპარაკებების გზით მიღწეული შეთანხმებით მთავრდება და რაც უფრო მალე დასრულდება, მით ნაკლები ადამიანი დაიღუპება, ნაკლები ფული დაიხარჯება და ნაკლები ნგრევა იქნება“, - თქვა რუბიომ.