გერმანიის ახალი კანცლერის ადმინისტრაციის უფროსი, ტორსტენ ფრეის მიიჩნევს, რომ ევროპა „კომფორტის ზონიდან“ უნდა გამოვიდეს და რუსეთის წინააღმდეგ გაცილებით მკაცრი სანქციების შემოღება განიხილოს, ისეთის, როგორიცაა გაზის ან ურანის მიწოდების აკრძალვა. ამის შესახებ მან Reuters-თან ინტერვიუში განაცხადა.
ფრეი მიიჩნევს, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემდეგი, მე-18 პაკეტი, რომლის მომზადებაც 20 მაისს მე-17 სანქციის მიღების შემდეგ დაიწყო, მკაცრი უნდა იყოს და მოიცავდეს გარკვეულ ზომებს, რომლებმაც შეიძლება „გავლენა მოახდინოს ევროკავშირის სხვა ქვეყნებზე“.
„ჩვენ უნდა გამოვიდეთ ჩვენი კომფორტის ზონიდან და მივიღოთ ისეთი ზომები, რომლებიც ნამდვილად სცილდება სტატუს კვოს ფარგლებს“, - თქვა მან.
შეკითხვაზე, ნიშნავს თუ არა ეს ევროპაში რუსული გაზის ან ურანის იმპორტის აკრძალვას და გაყინული რუსული სახელმწიფო აქტივების გამოყენებას, ფრეიმ აღნიშნა, რომ „ეს არის ზომები, რომლებიც რეალურად ზიანს მიაყენებს რუსეთს და ამით მიაღწევს იმ ეფექტს, რომლის მიღწევაც სანქციებით რეალურად გვსურს“.
ფრიდრიხ მერცის ადმინისტრაციის უფროსმა ასევე დაადანაშაულა კრემლის ლიდერი ვლადიმირ პუტინი მშვიდობის ძიების უარყოფაში და აღნიშნა, რომ გასულ კვირას სტამბოლში უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებების დროსაც კი, რუსეთის თავდასხმები „უცვლელად გაგრძელდა - ისინი კიდევ უფრო გაძლიერდა“.
„მას დროს გაჰყავს“, - თქვა ფრეიმ რუსეთის ლიდერზე. მან დასძინა, რომ პუტინი იმედოვნებს, რომ სამხედრო მიზნებს სამხედრო საშუალებებით მიაღწევს.
მან ასევე ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ არ გამორიცხავს გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების წლევანდელი ბიუჯეტის პროექტში 7 მილიარდი ევროდან გაზრდის შესაძლებლობას.