თეთრ სახლში, ოვალურ კაბინეტში გამართული ოფიციალური შეხვედრის დროს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტი, სირილ რამაფოსა „თეთრკანიანთა გენოციდში“ დაადანაშაულა. იუწყება Reuters
მან მოიყვანა ათასობით ისტორია, გაზეთების სტატიები და ვიდეოები, რომლებიც, მისი თქმით, თეთრკანიანების მასობრივ მკვლელობებს ადასტურებდა.
„ხალხი სამხრეთ აფრიკიდან საკუთარი უსაფრთხოების გამო გარბის. მათი მიწების კონფისკაციას ახდენენ და ხშირ შემთხვევაში, კლავენ“, - განაცხადა ტრამპმა, კომკრეტულად, თეთრკანიან ფერმერებზე საუბრისას.
რამაფოსამ, რომელიც იჯდა ტრამპის გვერდით და სიმშვიდეს ინარჩუნებდა, უარყო მისი ბრალდებები.
„ამის შესახებ ათასობით ისტორია გვაქვს, დოკუმენტური ფილმები, ახალი ამბები“, - თქვა ტრამპმა.
ტრამპმა ოვალურ კაბინეტში სპეციალურად დამონტაჟებულ ეკრანზე ვიდეოს ჩვენება მოითხოვა.
ეკრანზე თეთრი ჯვრები ჩანდა, რაც ტრამპის თქმით, რომ მოკლული თეთრკანიანი სამხრეთ აფრიკელების საფლავები იყო.
მან ასევე მოითხოვა „რეაგირება“ და მოუწოდა სამხრეთ აფრიკის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის დაპატიმრებისკენ.
„პრეზენტაციის დროს რამაფოსა ძირითადად გაშეშებული იჯდა და მხოლოდ ხანდახან სწევდა თავს, რომ ეკრანი უკეთ დაენახა.
მან აღნიშნა, რომ ეს მასალა აქამდე არ ენახა და სურს იცოდეს, ზუსტად სად არის გადაღებული წარდგენილი ვიდეო“, - აღნიშნავს მედია.
შემდეგ ტრამპმა აჩვენა სტატიების დაბეჭდილი ასლები, რომლებიც, მისი თქმით, შეიცავდა ინფორმაციას თეთრკანიანი სამხრეთ აფრიკელების მკვლელობის შესახებ.
გვერდების გადაფურცვლისას მან რამდენჯერმე გაიმეორა: „სიკვდილი, სიკვდილი“ და შემდეგ ისინი რამაფოსას გადასცა.
შეხვედრას ასევე ესწრებოდა ილონ მასკი, წარმოშობით სამხრეთ აფრიკელი, რომელიც ბოლო დროს აქტიურად უჭერს მხარს სამხრეთ აფრიკის მიმართ მთავრობის საწინააღმდეგო რიტორიკას.
სოციალურ ქსელ X-ში მან დაწერა, რომ ის სამხრეთ აფრიკაში სატელიტური ინტერნეტ სერვის Starlink-ის ოპერირების ლიცენზიის მიღებას ვერ ახერხებს, რადგან „ის შავკანიანი არ არის“.
სამხრეთ აფრიკის ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ Starlink-მა ლიცენზიაზე განაცხადიც კი არ შეიტანა და ადგილობრივი კანონმდებლობა უცხოურ კომპანიებს მხოლოდ იმით ავალდებულებს, რომ ადგილობრივი ტელეკომუნიკაციების კომპანიების აქციონერთა შემადგენლობაში ნაწილობრივ ჩართონ ისტორიულად დისკრიმინირებული ჯგუფების წარმომადგენლები.
სამხრეთ აფრიკა კოლონიალიზმისა და აპარტეიდის დროს შავკანიანების მიმართ სასტიკ დისკრიმინაციას საუკუნეების განმავლობაში განიცდიდა, ვიდრე1994 წელს ნელსონ მანდელას ხელმძღვანელობით მრავალპარტიული დემოკრატია გახდებოდა.