არარეგისტირებული ქორწინებების რიცხვი საქართველოში ძალიან მაღალია. სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებით, რომელიც ეფუძნება 2014 წლის საყოველთაო აღწერას, საქართველოში სულ ქორწინებაში იმყოფება 1872398 ადამიანი(ქალი და კაცი), აქედან, რეგისტირებულ ქორწინებაშია 1595124(ქალი და კაცი), ხოლო არარეგისტირებულში - 243171(ქალი და კაცი).
ეს ნიშნავს, რომ ყოველი მე-8 წყვილი იმყოფება არარეგისტირებულ ქორწინებაში.
არარეგისტირებულ ქორწინებაში გაერთიანებულია ორი ცვლადი, წყვილები, რომლებიც ცხოვრობენ ერთად მხოლოდ საეკლესიო ქორწინებით და წყვილები, რომელთაც არ აქვთ არც საეკლესიო ქორწინება და არც - სამოქალაქო რეესტრის მიერ დამოწმებული.
ადვოკატი ზაზა ხატიაშვილი ამბობს, რომ არარეგისტირებული ქორწინების მაღალი მაჩვენებელი, ქმნის სამართლებრივ პრობლემებს წყვილებისთვის, რომელთაც შემდეგ წამოეშვებათ ხოლმე სამართლებრივი დავა, მაგალითად, ქონების გაყოფაზე.
"არარეგისტირირებული ქორწინების მაღალი მაჩვენებელი, ერთი მხრივ, გამოწვეულია იმით, ქორწინება არ არის სავალდებულო, რაც დემოკრატიული ქვეყნისთვის სრულიად ბუნებრივია, ხოლო მეორე მხრივ - ეკლესიის ფაქტორი, რომელიც ოჯახებს ფაქტობრივად ავალდებულებს ჯვრისწერას. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს შეთანხმება სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის კონკორდატის სახით, რომ სახელმწიფო აღიარებს საეკლესიო ქორწინებას, ეს ჩანაწერი სისრულეში მოყვანილი არ არის. თუმცა, მოაქლაქეების დიდი ნაწილი მხოლოდ საეკლესიო ქორწინებით კმაყოფილდება. ბოლო წლების, აქტიურად ცნობიერების ამაღლება იმ მიმართულებით, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი ქორწინება გაფორმდეს იურიდიულად. რაღაც შედეგი ნამდვილად არის, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. ყოველი მე-8 ოჯახი რომ არარეგისტირებულ ქორწინებაშია, ეს ამის დადასტურებაა", - აცხადებს ზაზა ხატიაშვილი.