ეგზიტპოლის შედეგების მიუხედავად, რომელიც ცენტრისტი პოლიტიკოსის, ბუქარესტის მერის, ნიკუსორ დენის, გამარჯვებას პროგნოზირებს, მისმა ოპონენტმა, პოპულისტმა ჯორჯე სიმიონმა, თავი გამარჯვებულად გამოაცხადა.
ულტრამემარჯვენე კანდიდატმა საარჩევნო უბნების დახურვისთანავე, ეგზიტპოლის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ თავის მხარდამჭერებს მიმართა, და მოუწოდა, ეგზტიპოლის შედეგებისთვის ყურადღება არ მიქციათ
„ჩვენ ამ არჩევნების აშკარა გამარჯვებულები ვართ. ჩვენ გამარჯვებას რუმინელი ხალხის სახელით ვითხოვთ“, - თქვა მან.
სიმიონმა განაცხადა, რომ იცის, რა უპირატესობას მოიპოვებს დენთან შედარებით.
„მადლობას ვუხდი მათ, ვინც ჩემს სახელს სკანდირებს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ და მილიონობით ადამიანს, რომლებმაც შესაძლებელი გახადა ჩვენი შეფასებით, კონკურენტზე 400 000 ხმით მეტით გამარჯვება“, - თქვა მან.
შეგახსენებთ, 18 მაისს, რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა, რომლის ფარგლებშიც ერთმანეთს პოპულისტი კანდიდატი ჯორჯე სიმიონი და ცენტრისტი ნიკუსორ დენი დაუპირისპირდნენ.
ეგზიტპოლის თანახმად, ლიდერობს ცენტრისტი პოლიტიკოსი ბუქარესტის მერი, ნიკუსორ დენი, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებში დამოუკიდებელ კანდიდატად იყრის კენჭს.
ეგზიტპოლის მიხედვით, ნიკოსურ დენმა ხმების 54.9% აიღო, ხოლო მისმა ოპონენტმა 45.10%.