აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ, განაცხადა, რომ თუ უახლოეს მომავალში რუსეთთან უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებში პროგრესი არ იქნება, სენატი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესახებ ახალ კანონპროექტს მიიღებს.
ამის შესახებ რუბიომ CBS News-თან ინტერვიუში განაცხადა.
ჟურნალისტმა რუბიოს ჰკითხა, განზრახ აჭიანურებდა თუ არა რუსეთი მოლაპარაკებებს.
სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები ცდილობს დაადგინოს, ნამდვილად სერიოზულად არის თუ არა რუსული მხარე საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის მიმართ განწყობილი.
მისი თქმით, თურქეთში ცოტა ხნის წინ გამართულ შეხვედრაზე უკრაინისა და რუსეთის დელეგაციები ცეცხლის შეწყვეტის შესახებ წინადადებების გაცვლაზე შეთანხმდნენ. აშშ მოელის, რომ ეს დოკუმენტები შეიცავს „რეალისტურ და გონივრულ“ პოზიციებს. თუ რუსეთი მიუღებელი პირობების წამოყენებას გააგრძელებს, ეს მნიშვნელოვნად იმოქმედებს ვაშინგტონის პოზიციაზე.
„ჩვენ არ გვინდა დაუსრულებელ მოლაპარაკებებში მონაწილეობის მიღება - ჩვენ პროგრესი გვჭირდება“, - თქვა რუბიომ.
რუბიომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვაშინგტონის მოთმინებას საზღვარი აქვს და კონგრესი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტის მისაღებად ემზადება.
მისი თქმით, თუ რუსეთი გააგრძელებს მოლაპარაკებების გაჭიანურებას კომპრომისის მიღწევის რეალური განზრახვის დემონსტრირების გარეშე, სენატი დამოუკიდებლად იმოქმედებს - თეთრი სახლის პოზიციის მიუხედავად.
სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ რესპუბლიკელი სენატორის, ლინდსი გრემის მიერ წარდგენილ სანქციების შესახებ კანონპროექტს სენატში უკვე საკმარისი მხარდაჭერა აქვს, ამიტომ მას 80-ზე მეტი სენატორის მხარდაჭერა ექნება, რაც მას საპრეზიდენტო ვეტოს შესაძლო დაძლევის საშუალებას მისცემს.
„საბოლოოდ სენატი იმოქმედებს. ჩვენ უკვე რამდენიმე კვირაა - დაახლოებით ექვსი ან შვიდი კვირაა - ვაწვდით ინფორმაციას რუსულ მხარეს, რომ ეს ინიციატივა გრძელდება. ჩვენ მოველიტ, რომ როდესაც ის მომზადდება, სენატში დაახლოებით 80 თანაავტორი იქნება. ეს არის პროცესი, რომლის შეჩერებაც ჩვენ არ შეგვიძლია. და ეს უბრალოდ ფაქტია, რომლის შესახებაც რუსებს უკვე რამდენიმე კვირაა ვაფრთხილებთ,“ - განაცხადა მარკო რუბიომ.