რუსეთი მზადაა, სტამბოლში უკრაინასთან მოლაპარაკებების პროცესი განაახლოს — შესაძლო კომპრომისებისა და მათი განხილვისთვის. ამის შესახებ რუსული დელეგაციის ხელმძღვანელმა, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის თანაშემწემ ვლადიმირ მედინსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთის დელეგაცია მოლაპარაკებების წინ „სამუშაო სულისკვეთებას“ ინარჩუნებს. მან დასძინა, რომ მოსკოვის დელეგაციაში ყველა დაინტერესებული უწყების წარმომადგენლები და უფროსი თანამშრომლები შედიან.
მედინსკიმ თავი შეიკავა კითხვაზე პასუხის გაცემისგან, თუ როდის დაიწყება მოლაპარაკებები.
რუსეთის დელეგაცია სტამბოლში 15 მაისს დილით ჩავიდა. უკრაინის წარმომადგენლები, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ხელმძღვანელობით, ამჟამად ანკარაში იმყოფებიან, სადაც უკრაინისა და თურქეთის პრეზიდენტებმა მოლაპარაკებები გამართეს.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ზელენსკიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ უკრაინა სტამბოლში დელეგაციას თავდაცვის მინისტრის ხელმძღვანელობით გაგზავნის.