უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრიი ერმაკმა განაცხადა, რომ უკრაინა მზადაა რუსეთთან მოლაპარაკებების ნებისმიერი ფორმატისთვის, თუმცა ამისთვის არსებობს პირობა - აგრესორი ქვეყნის მხრიდან სრული ცეცხლის შეწყვეტა.
„ჩვენ მზად ვართ დიალოგის ნებისმიერი ფორმატისთვის, მაგრამ არსებობს ერთი პირობა - სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტა.
ჩვენ ამისი არ გვეშინია, რადგან სწორედ უკრაინამ აჩვენა ღიაობა და სამართლიანობა. ახლა რუსეთის ჯერია,“ - განაცხადა ერმაკმა.
მან დასძინა, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თურქეთში გაემგზავრება მაშინაც კი, თუ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი პირდაპირ კონტაქტზე უარს იტყვის.
„ეს მთელი მსოფლიოსთვის მკაფიო სიგნალი იქნება: მოსკოვს არ სურს მშვიდობა და არ არის მზად სერიოზული მოლაპარაკებებისთვის“, - თქვა ერმაკმა.
მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ უკრაინის „სტრატეგიული პარტნიორი“, შეერთებული შტატები, შეინარჩუნებს თავის როლს ამ პროცესში.
„მადლიერები ვართ სტივ უიტკოფის კონსტრუქციული საუბრებისთვის და იმის გაგებისთვის, რომ ცეცხლის შეწყვეტა ლოგიკური ნაბიჯია. ასევე მადლიერები ვართ პრეზიდენტ ტრამპის მისი მკაფიო გზავნილისთვის: თუ პუტინს მშვიდობა არ სურს, უკრაინა იმაზე მეტს მიიღებს, ვიდრე წარმოუდგენია“, - განაცხადა ერმაკმა.
ის მიიჩნევს, რომ თუ პუტინი თურქეთში არ ჩავა, ეს მოქმედების სტიმული უნდა იყოს.
კერძოდ, ამერიკული სანქციების შემოღება და ევროკავშირის ახალი სანქციები, რომლებიც, სავარაუდოდ, რუსეთის ფედერაციის ენერგეტიკასა და ფინანსებზე დარტყმას მიაყენებს.
„30-დღიანი დუმილი არ არის სამხედრო უპირატესობა, არამედ შესაძლებლობაა, დაიწყოს პროცესი: დელეგირება, მონიტორინგი, გამჭვირვალობა. და სწორედ შეერთებულ შტატებს აქვს ამის განხორციელების პოტენციალი“, - აღნიშნა იერმაკმა.
ამასთან, ერმაკმა უკრაინის ადგილს ნატო-ში ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი უწოდა.
„ამის გარეშე რეალური გარანტიები არ იარსებებს. და ჩვენ არასდროს დავუშვებთ, რომ რუსეთმა ჩვენს მომავალს ვეტო დაადოს“, - აღნიშნა ერმაკმა.