უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანდრიი ერმაკი აცხადებს, რომ უკრაინა მზადაა სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის ცეცხლის სრული შეწყვეტის შემდეგ, „რუსეთთან ზოგიერთი საკითხის განხილვა კი მოუწევთ“. ამის შესახებ ერმაკმა გერმანულ გამოცემა Die Zeit-თან განაცხადა.
„ყველაფერი უკრაინაზე რომ ყოფილიყო დამოკიდებული, ეს ომი დიდი ხნის წინ დამთავრებული იქნებოდა. მაგრამ რეალობა ისაა, რომ რუსეთი არ ავლენს გულწრფელ სურვილს, შეაჩეროს აგრესია. 50 დღეზე მეტი ხნის წინ, პრეზიდენტმა ტრამპმა სრული 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტა შემოგვთავაზა - ჩვენ დავთანხმდით. რუსეთმა აღლუმისთვის „სამდღიანი ზავით“ უპასუხა. ჩვენ მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის. მაგრამ მხოლოდ ცეცხლის სრული შეწყვეტის შემდეგ. ეს არის უკრაინის, აშშ-ის და ჩვენი ევროპელი მეგობრების პოზიცია. ჩვენ ჩვენს დამოუკიდებლობით არ ვვაჭრობთ. ჩვენი „წითელი ხაზები“ კონსტიტუცია, საერთაშორისო სამართალი და გაერო-ს ქარტიაა. ჩვენ არასდროს ვაღიარებთ ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციას. თუმცა, ჩვენ რეალისტები ვართ: გვესმის, რომ ზოგიერთი საკითხი მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა განვიხილოთ. ჩვენ ამისთვის მზად ვართ - თუ რუსეთიც მოვა მაგიდასთან,“ - განაცხადა ერმაკმა.
ერმაკმა აღნიშნა, რომ უკრაინამ თავი პასუხისმგებლიან და კონსტრუქციულ პარტნიორად წარმოაჩინა. კონკრეტულად, ხელი მოაწერა ისტორიულ შეთანხმებას შეერთებულ შტატებთან, რომელსაც ერმაკმა „ეკონომიკის მეშვეობით მომავალი უსაფრთხოების საფუძველი“ უწოდა.
„უკრაინა აგრძელებს ბრძოლას. რადგან ჩვენ სხვა ქვეყანა არ გვაქვს. და ჩვენ გვაქვს ძალა, რომ მოვიგოთ არა მხოლოდ ომი, არამედ მშვიდობაც“, - აღნიშნა ერმაკმა.