აშშ-ის თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეთმა დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის მეორე ვადის დაწყებიდან ერთი კვირის შემდეგ, აშშ-ის არმიის სატრანსპორტო სარდლობას (TRANSCOM) უბრძანა დროებით შეეჩერებინა უკრაინისთვის იარაღის მიწოდება.
თუმცა, ტრამპს ამ გადაწყვეტილების შესახებ არ ეცნობა, ამის შესახებ ინფორრმაციას Reuters საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
სამმა სატვირთო ავიახაზმა, რომელიც დელავერში არსებული Dover Air Force ბაზიდან არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში მდებარე ამერიკული ბაზის მიმართულებით ახორციელებდა ფრენებს, მიირო ბრძანება, 11 რეისი გაეუქმებინა, რომლითაც უკრაინაში აშშ-ს სამხედრო დახმარების ფარგლებში საარტილერიო ბომბები და სხვა ტიპის იარაღი უნდა გაგზავნილიყო.
ბრძანების გაცემიდან რამდენიმე საათში ვაშინგტონს დაუკავშირდნენ უკრაინელი და პოლონელი ოფიციალური პირები, რომლებიც მიწოდების ლოჯისტიკას კოორდინაციას უწევენ.
თუმცა, არც თეთრ სახლს, არც პენტაგონს და არც სახელმწიფო დეპარტამენტს არ ჰქონდათ პასუხი თუ ვინ უბრძანა აშშ-ს სატრანსპორტო სარდლობას (TRANSCOM) სატვირთო რეისების შეჩერება.
მომსახურება ერთი კვირის შემდეგ აღდგა, თუმცა ჰეგსეთის გადაწყვეტილება პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა.
გამოცემის ცნობით, ფრენების გაუქმების შესახებ სიტყვიერი ბრძანება ჰეგსეთის ოფისიდან წამოვიდა. სააგენტოს წყაროების ცნობით, ბრძანება 30 იანვარს ოვალურ კაბინეტში გამართული შეხვედრის შემდეგ მალევე გაიცა, სადაც უკრაინის გარშემო არსებული ვითარება განიხილეს. იქ გამართული დისკუსიის დროს გაჟღერდა უკრაინისთვის დახმარების შეწყვეტის იდეა, თუმცა თავად ტრამპს ამ საკითხთან დაკავშირებით კონკრეტული მითითებები არ გაუცია.
საკითხზე ინფორმირებული კიდევ სამი ანონიმური წყაროს ცნობით, ტრამპმა, როგორც სხვა მაღალჩინოსნებმა, რომლებიც 30 იანვრის შეხვედრას ესწრებოდნენ, ჰეგსეთის მიერ აღნიშნული ბრძანების გაცემის შესახებ არ იცოდნენ. Reuters-მა წყაროების მიერ მოწოდებული ინფორმაციის გადამოწმება თეთრ სახლთან სცადა, რაზეც თეთრმა სახლმა უპასუხა, რომ ჰეგსეთი უკრაინისთვის დახმარების შეჩერების დროს ტრამპის დავალების შესაბამისად მოქმედებდა. თუმცა პასუხში თეთრ სახლს არ განუმარტავს, თუ რატომ არ იცოდნენ საკვანძო მაღალჩინოსნებმა თავდაცვის მდივნის ბრძანების შესახებ.