დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა სატელეფონო საუბარი გამართეს, რომლის დროსაც მათ უკრაინაში ომი განიხილეს და რუსეთს 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე დათანხმებისკენ მოუწოდეს.
ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.
ლიდერებმა განიხილეს რუსეთის მიერ 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე დათანხმების აუცილებლობის საკუთხი, რათა შესაძლებელი გახდეს მნიშვნელოვანი სამშვიდობო მოლაპარაკებები.
სტარმერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინამ უკვე აჩვენა მზადყოფნა და სურვილი, მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდეს და ის მშვიდობის მხარეა.
მაკრონმა და სტარმერმა ასევე განიხილეს წელს მოგვიანებით დაგეგმილი დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის მომავალი სამიტი და შეთანხმდნენ ორ ქვეყანას შორის ამბიციების გაძლიერებაზე ყველა სფეროში, მათ შორის თავდაცვის, უსაფრთხოებისა და არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებში.
მანამდე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 80 წლისთავის აღსანიშნავ დღეებში უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა.
აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კიტ კელოგმა, უარყო პუტინისშეთავაზება „სამდღიანი ზავის“ შესახებ და განაცხადა, რომ აშშ დაინტერესებულია გრძელვადიანი ცეცხლის შეწყვეტით.
ამასთან, ბრიტანეთის დაზვერვა მიიჩნევს, რომ პუტინის მიერ 9 მაისის აღსანიშნავად გამოცხადებული სამდღიანი „ზავი“ მიზნად ისახავს რუსეთის ზოგიერთი შეთანხმების მიმართ სავარაუდო ღიაობის ჩვენებას და უკრაინის შორ მანძილზე განხორციელებული დარტყმების შეზღუდვას, ამავდროულად, ფრონტზე მისი პოზიციების გაუარესების თავიდან აცილებას.
ამავდროულად, ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ პუტინის მიერ გამოცხადებული სამდღიანი ზავი, შეიძლება, დიდ მიღწევად არ ჩანდეს, მაგრამ ეს ძალიან ბევრია იმასთან შედარებით, საიდანაც დავიწყეთ.