ევროკავშირი ყოველთვის ნათლად აფიქსირებდა პოზიციას, რომელიც ყველა წევრმა და კანდიდატმა სახელმწიფომ უნდა გაიზიაროს: რუსეთთან და პუტინთან ურთიერთობები უკრაინის წინააღმდეგ მისი აგრესიის შემდეგ ჩვეულ რეჟიმში ვერ გაგრძელდება.
ამის შესახებ ევროკომისიის წარმომადგენელმა მარკუს ლამერტმა 2 მაისს ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან უპასუხა შეკითხვას ევროკავშირის მიერ სერბეთის პრეზიდენტის, ალექსანდარ ვუჩიჩის, 9 მაისს მოსკოვში დაგეგმილი ვიზიტის შეფასების შესახებ.
ლამერტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირი მოელის, რომ სერბეთი, რომელმაც წევრობაზე განაცხადი შეიტანა, გაიზიარებს ევროკავშირის საერთო პრინციპებსა და ღირებულებებს - კერძოდ, რომ პუტინთან ურთიერთობები ჩვეულ რეჟიმში ვერ გაგრძელდება.
„სერბეთმა ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი შეიტანა და წევრობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს. ევროკავშირს სურს, სერბეთს, როგორც სანდო ევროპელ პარტნიორს, დაეყრდნოს საერთო პრინციპების, ღირებულებების, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის საკითხებში“, - განაცხადა ლამერტმა.
მან დასძინა, რომ ევროკავშირს სჭირდება, რომ სერბეთმა დაავრწმუნოს მის სტრატეგიულ კურსში.
„ევროკავშირმა აბსოლუტურად ნათლად განუცხადა ჩვენს პარტნიორებს, განსაკუთრებით კანდიდატ ქვეყნებს, როგორიცაა სერბეთი: რუსეთთან ურთიერთობები ვერ გაგრძელდება ჩვეულ რეჟიმში პუტინის რეჟიმის პირობებში და რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული არაპროვოცირებული და გაუმართლებელი აგრესიული ომის გათვალისწინებით“, - განაცხადა ევროკომისიის წარმომადგენელმა.
გუშინ, სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა განაცხადა, რომ ის არ იტყვის უარს 9 მაისს მოსკოვში გამგზავრების განზრახვაზე, ვინაიდან ის ვლადიმირ პუტინს დაჰპირდა, რომ აღლუმს დაესწრებოდა.