CNN-მა, ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ პენტაგონის ხელმძღვანელი პიტ ჰეგსეთი, რომელიც ცოტა ხნის წინ სამხედრო საიდუმლოების გაჟონვის გამო სკანდალში გაეხვა, თანამდებობაზე უნდა დარჩეს.
CNN-ის წყაროების ცნობით, ტრამპის შეხედულება ჰეგსეთთან დაკავშირებით მკვეთრად ეწინააღმდეგება მის დამოკიდებულებას ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის, მაიკლ უოლცის მიმართ Signal-ის ინციდენტის შემდეგ. მედიის ცნობით, უოლცმა თანამდებობა უნდა დატოვოს.
აღნიშნულია, რომ ტრამპმა უოლცის მიმართ ნდობა კიდევ უფრო ადრე დაკარგა, კერძოდ, იმის გამო, რომ მან The Atlantic-ის ჟურნალისტი ჯეფრი გოლდბერგი ოფიციალური პირების ჩატში დაამატა.
მიუხედავად იმისა, რომ ტრამპს არ მიაჩნდა, რომ ჰეგსეთი გონივრულად მოიქცა იემენის ომის გეგმის სულ მცირე ორ ჯგუფურ ჩატში გაზიარებით, საკითხთან ახლოს მყოფმა პირებმა განაცხადეს, რომ ტრამპი ფიქრობდა, რომ პენტაგონის ხელმძღვანელი არ უნდა გათავისუფლებულიყო მას შემდეგ, რაც ადმინისტრაციამ მისი დამტკიცებისთვის ამდენი პოლიტიკური კაპიტალი დახარჯა.
შეგახსენებთ, CBS News-ის ცნობით, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა მაიკლ უოლცმა და მისმა მოადგილემ ალექს ვონგმა თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილება მიიღეს.
მათი გადადგომა, სავარაუდოდ, უკავშირდება ინციდენტს, როდესაც The Atlantic-ის მთავარმა რედაქტორმა ჯეფრი გოლდბერგმა განაცხადა, რომ უოლცმა ის შემთხვევით ჩაამატა ჯგუფურ ჩატში, სადაც ეროვნული უსაფრთხოების გუნდი კონფიდენციალურ ინფორმაციას - იემენში „ჰუსიტებზე“ საჰაერო დარტყმების გეგმებს განიხილავდა.