უკრაინის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილებები, რომლებიც აუცილებელია უკრაინასა და შეერთებულ შტატებს შორის საინვესტიციო ფონდის შექმნის შესახებ შეთანხმების ხელმოწერისთვის. ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიჰალმა განაცხადა.
შმიჰალის თქმით, შეთანხმებაში ხუთი ძირითადი პრინციპია:
„1. თანასწორობა – ფონდი იქმნება 50/50 პრინციპით და ორივე მხარეს აქვს ხმის თანაბარი უფლება; 2. კონტროლის შენარჩუნება – უკრაინა ინარჩუნებს სრულ კონტროლს წიაღისეულზე, ინფრასტრუქტურაზე და ბუნებრივ რესურსებზე; 3. ახალი ინვესტიციები და არა ვალები – შეთანხმება არ ითვალისწინებს არანაირ ვალდებულებებს; 4. გარანტირებული ინვესტორები და მყიდველები – ფონდი განახორციელებს ინვესტიციას პროექტებში და უზრუნველყოფს პროდუქციის კომერციულ შესყიდვებს; 5. ევროინტეგრაციის კურსთან შესაბამისობა – შეთანხმება არ შექმნის დაბრკოლებებს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის“,- აცხადებს შმიჰალი.
შმიჰალის თქმით, ფონდი შეივსება შეერთებული შტატებისა და უკრაინის შენატანებით. მისივე თქმით, ფონდის მოგება მხოლოდ უკრაინაში იქნება რეინვესტირებული. უკრაინის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ, ამ შეთანხმების წყალობით, უკრაინას შეუძლია, მოიზიდოს მნიშვნელოვანი რესურსები უკრაინის აღდგენისთვის.