ENG / RUS       12+

შსს - სახელმწიფო სახელმწიფოში, პოლიცია - სუპერპრივილეგირებული კლასი

რას უნდა განიცდიდეს საქართველოს მოქალაქე როდესაც ტელეეკრანებზე პოლიციის შესახებ გაკეთებულ ტელეკლიპებს უყურებს, ან უშუალოდ ეკონტაქტება პოლიციელებს? შიშს, მოწიწებას, შურს, პატივისცემას თუ ყველაფერს ერთად?

სოციოლოგიური გამოკითხვებით, "ვარდების რევოლუციის" შემდეგ განახლებულ პოლიციას ენდობა საზოგადოების 80-82%. ალბათ დიდი გამჭრიახობა არ სჭირდება იმის მიხვედრას, რომ ასეთი მაღალი მაჩვენებლის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის ახლის მარტივი შედარება ძველთან. ამ მხრივ კი განსხვავება უკეთესობისკენ მართლაც თვალშისაცემია, როგორც ფორმით ისე შინაარსით. ახალი საპატრულო პოლიცია გაცილებით უკეთ გამოიყურება, მოქალაქეებტან ურთიერთობის ახლებური მეთოდი აქვს, მძღოლებს ფულს აღარ სძალავს და სისტემაში უწყებრივი კორუფციაც შემცირდა. თუმცა, საპატრულო პოლიცია რატომღაც დღემდე ვერ ახერხებს გზებზე საავტომობილო მოძრაობის უსაფრთხოების მოწესრიგებას. დამოუკიდებელ ექსპერტთა მონაცემებით, საქართველოში ყოველ კვირა 50-ზე მეტი ავტოსაგზაო შემთხვევა ხდება, რომელშიც 11 ადამიანი მაინც იღუპება (?!). ეს კი პოლიციის მუშაობის შეიძლება ითქვას ყველაზე დიდი ნაკლია. წარმოვიდგონოთ თუ რამდენ ადამიანს მოისაკლისებს ქვეყანა ყოველ წელიწადს, თუკი ასეთი საგანგაშო ტენდენცია და სტატისტიკა შენარჩუნდა?!. ბუნებრივია, პოლიციის მუშაობის ამ სერიოზულ ხარვეზზე დუმს ხელისუფლებაც, შინაგან საქმეთა სამინისტროც და სახელისუფლებო მედიაც. პოლიციის ძალისხმევა კი სულ სხვა მიმართულებებზეა გადატანილი. პოლიციის იმიჯის ხელოვნურ გაკეთილშობილბაზე და პოლიციელთა ფინანსურ მატერიალურ კეთილდღეობაზე ზრუნვის გარდა, ხელისუფლება ზრუნავს იმაზეც, რომ პოლიციამ შეაღწიოს ყველგან სადაც კი შეღწევა შეიძლება. მარტო 2010 წელს შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში (პოლიციას თბილისის ჩათვლით, 10 სამხარეო სამმართველო აქვს) პოლიციის 60 (?!) ახალი შენობა გახსნა. რით არის გამოწვეული ქვეყნის ასეთი მასობრივი დაფარვა პოლიციური სტრუქტურებით, მაშინ როდესაც შსს-ვე მტკიცებით ქვეყანაში დანაშაული კლებულობს?!. ყოველი ახალი შენობა, მისი აღჭურვა-შენახვა და იქ მომუშავე შტატი (დაახლოებით 30-40 კაცი) დამატებით ტვირთად აწვება სახელმწიფო ბიუჯეტს. შსს ხელმძღვანელობა ამის მიზანშეწონილობას მარტივად - მოსახლეობისათვის პოლიციური სერვისის გაუმჯობესების საჭიროებით ხსნის. "მთავარი პრინციპი ისაა, რომ პოლიცია არის არა ძალისმიერი სტრუქტურა, არამედ სერვისი რომელიც ემსახურება საქართველოს მოქალაქეებს", - აღნიშნავს მინისტრი მერაბიშვილი უკრაინელ ჟურნალისტებთან საუბრისას.თუმცა რას მოიცავს სინამდვილეში ეს სერვისი, ოფიციალური ნუსხის გარდა, ამაზე ქვემოთ ვისაუბრებთ.

შინაგან საქმეთა სამინისტრო სახელმწიფოში მის განსაკუთრებულ სტატუსს ხაზს უსვამს, უწყებრივი ვებგვერდის (www.police.ge) დასახელებითაც, რომელიც განსხვავდება ყველა სხვა სამინისტროების ვებგვერდებისგან, რომელთა დომენს ერთნაირი დაბოლოება აქვთ ...gov.ge. შსს-გან განსხვავებით, არცერთ სხვა სამინისტროს არ აქვს საკუთარი უწყების ასეთი ფორმითა და შინაარსით რეკლამირების პრივილეგია. უფრო მეტიც, შსს-ს ბიუჯეტი და რომელიც არასდროს შეკვეცილა, აბსოლუტურად მოცილებულია როგორც საზოგადოებრივ ისე საპარლამენტო კონტროლს. არავის ახსოვს ბოლოს როდის შევიდა, თუკი საერთოდ შევიდა, შსს-ში კონტროლის პალატა საბიუჯეტო თანხების ხარჯვის მიზანშეწონილობის შესამოწმებლად.

ბუნებრივია არავინ იდავებს იმაზე, რომ შემდგარ, ჩამოყალიბებულ და სამართლებრივ სახელმწიფოში პოლიციას საზოგადოებისგან სათანადო დაფასება და პატივისცემა უნდა ჰქონდეს და იგი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად იყოს აღჭურვილი, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დასაცავად. მეორე საკითხია, ამ კეთილშობილი და საჭირო ფუნქციის საფარქვეშ არ მოხდეს პოლიციისა და უშიშროების გადაქცევა "სახელმწიფოდ სახელმწიფოში" და პოლიტიკური კონტროლისა და დევნის ინსტრუმენტად.

მონაცემები განახლებული პოლიციის ფსიქოლოგიურ-სოციალურ პორტრეტზე, თუკი ასეთი არსებობს, ფართო საზოგადოებისთვის ხელმიუწვდომელია. ერთ-ერთ ინტერვიუში მერაბიშვილმა ისიც კი განაცხადა, რომ ქართული საზოგადოების საუკეთესო ნაწილი პოლიციაში სამსახურისკენ ისწრაფვის, თუმცა არ დაუკონკრეტებია ვის გულუსხმობდა მათში. საერთოდ უცნობია რა კატეგორიის მოქალაქეებსა და რა კრიტერიუმებით იღებენ პოლიციის სტრუქტურებში სამუშაოდ. მერაბიშვილი და შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი შოთა უტიაშვილი ჟურნალ "კომერსანტთან" ინტერვიუში აღნიშნავენ რომ საპატრულო პოლიციაში 35 წლამდე მოქალაქეები მიდიან. თუმცა უტიაშვილის თქმით "ბევრი იქიდან ორი წლის შემდეგ მიდის, რადგანაც ეს მათთვის მხოლოდ სასტარტო მოედანია..... მთავარია რომ ისინი ცხოვრებაში უკვე სხვანაირები მიდიან!? " ამ განცხადებას კი ნამდვილად შეიძლება ვენდოთ.


ბოლო დროს პოლიციის განსაკუთრებული და პრივილეგირებული სტატუსი სერიოზულად განმტკიცდა არა მხოლოდ იდეურ და ცნობიერ, არამედ საკანონმდებლო დონეზეც.

2009 წლის საპროტესტო აქციებით შეწუხებულმა ხელისუფლებამ სიტუაციიდან ერთ-ერთ გამოსავლად, მმართველი პარტიის ყველაზე საიმედო საყრდენის - პოლიციის უფლებების გაზრდა მიიჩნია. სამოქალაქო სექტორისა და საზოგადოების დიდი ნაწილის პროტესტის მიუხედავად, სასწრაფო წესით მიღებული საკანონმდებლო ცვლილებებით პოლიციას უფლება მიეცა უშიშროების დაცვის, დანაშაულთან და საზოგადოებრივად საშიშ ქმედებებთან ბრძოლის მიზნით გამოიყენოს საკმაოდ შთამბეჭდავი არსენალი: მათ შორის არის სპეციალური საშუალებები: "არალეტალური იარაღი (მათ შორის, არალეტალური ჭურვი), აკუსტიკური საშუალება, ფსიქოლოგიური ზემოქმედების შუქბგერითი მოწყობილობა, დაბრკოლების დამანგრეველი და ტრანსპორტის იძულებითი გაჩერების საშუალება, წყალსატყორცნი, ჯავშანმანქანა და სხვა სპეციალური საშუალებების გრძრლი სია." პოლიციელს (მშვიდობიან პერიოდში!!!) დაუკანონდა "გონივრული ეჭვის" საფუძველზე პირის ‘შეჩერებისა და ზედაპირული შემოწმების' უფლება, რომლის ძალითაც პოლიციელს შეუძლია "ეჭვის დადასტურების ან გამორცხვისათვის აუცილებელი გონივრული" ვადით შეაჩეროს პირი და "შეჩერებული პირის ტანსაცმელზე აწამოოს ზედაპირული შემოწმება." და თუ ამ შემოწმებისას წარმოიშვება ჩხრეკის საფუძველი, "უფლებამოსილი თანამდებობის პირი ატარებს ჩხრეკას". პოლიციელს ასევე ეძლევა უფლება საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებისას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურთან ერთად (?!) ჩაატაროს მოქალაქეთა პირადი და სატრანსპორტო საშუალებათა შემოწმება.

ამავე პაკეტში გათვალისწინებულია ახალი დებულება პატიმრობის კოდექსში, რომლის მიხედვითაც საპატიმრო დაწესებულებების საკნებში შესაძლებელია განხორციელდეს ვიზუალური ან ელექტრონული მეთვალყურეობა "უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე". ბოლო პერიოდში შსს-ს მოთხოვნით მთელ რიგ სამეწარმეო სუბიექტებს უწევთ თავიანთ შენობებში საკუთარი ხარჯით (?!) დაამონტაჟონ შიდა და გარე ვიდეოსამეთვალყურეო აპარატურა. აფთიაქებში უკვე დამონტაჟდა ვიდეოთვალი და პოლიციას თუ სხვა "უფლებამოსილი თანამდებობის პირს" რეალურ დროში შეუძლია გაიგოს რა წამლებს იძენს მათთვის საინტერესო მოქალაქე, რაზე ესაუბრება პროვიზორს და ა.შ.
ყველამ იცის, რომ "ვარდების რევოლუციის" შემდეგ სასამართლო კიდევ უფრო მეტად იქცა მმართველი პარტიის, პროკურატურისა და შსს დანამატად და მორჩილად ასრულებს მათ მითითებებს, განსაკუთრებით პოლიტიკურად ანგაჟირებულ საქმეებში. ამიტომაც მოქალაქეთა თვალთვალზე მოსამართლისგან ნებართვის მიღება შსს-თვის უკვე კარგა ხანია უბრალო ფორმალობად გადაიქცა. საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ, რომელიც პრაქტიკულად არ იცნობს ქვეყანაში მოქმედ კანონებს, ალბათ უნდა იცოდეს, რომ მოსამართლის სანქციით, შსს-ს შეუძლია მოქალაქეთა სატელეფონო საუბრის ფარული მიყურადება და ჩაწერა; ინფორმაცის მოხსნა და ფიქსაცია კავშირგაბმულობის არხიდან, კომპიუტერული სისტემიდან (როგორც უშუალოდ, ისე დისტანციურად) და ამ მიზნით კომპიუტერულ სისტემაში შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებების ინსტალაცია; მოქალაქეთა საფოსტო-სატელეგრაფო გზავნილთა კონტროლი; ინტერნეტურთიერთობის მონიტორინგი - ინტერნეტში, მიმდინარე ღია და დახურული ხასიათის ინტერნეტურთიერთობებზე დაკვირვება და მათში მონაწილეობა, ასევე უკანონო კომპიუტერული მონაცემის მიღების სიტუაციის შექმნა, რომელიც ემსახურება დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობის დადგენას. ახალი საკანონმდებლო ცვლილებებით შსს-ს უკვე აქვს "კავშირგაბმულობისა და კომუნიკაციის ფიზიკურ ხაზებთან და მათ შემაერთებლებთან, მაილსერვერებთან, ბაზებთან, კავშირგაბმულობის ქსელებთან და კავშირგაბმულობის სხვა შემაერთებლებთან მუდმივი მიერთების, აგრეთვე სათანადო აპარატურისა და პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებების განთავსება-მონტაჟის შესაძლებლობა."

საერთოდ, პოლიციისადმი მიძღვნილი კანონები იმდენად ბუნდოვანი და ორაზროვანია, რომ თავისუფლად იძლევა მათი მრავალგვარი ინტერპრეტაციის საშუალებას და სრულიად დასაშვებია, რომ ეს განზრახ გაკეთდა, იმ როლიდან გამომდინარე რასაც ამჟამინდელი პოლიცია ასრულებს სახელმწიფოში.

საზოგადოებისთვის საშიში ქმედებების და უშიშროებისთვის საფრთხის განსაზღვრა ასევე პირის შეჩერების და შემოწმების გადაწყვეტილება თითქმის 100%-თ პოლიციის წარმომადგენლის სუბიექტურ შეფასებაზეა დამოკიდებული. გასული წლის ბოლოსთვის კი კანონმდებლობამ მერაბიშვილის უწყებას მოსახლეობაზე ტოტალური კონტროლის დასამყარებლად ფაქტიურად სრული კარტ-ბლანში მიანიჭა. იქნებ შს მინისტრის მიერ ნახსენებ პოლიციის "სერვისებში" ზემოთნახსენები ღონისძიებებიც შედის? სხვათა შორის, საბჭოთა ეპოქაში მოქალაქეების "ოპერატიულ-ჩეკისტური მომსახურება" "კაგებეს" საყვარელი ტერმინი იყო და რად უჯდებოდა მოქალაქეს ეს "სერვისი" ყველამ ვიცით.

უდანაშაულო მსხვერპლით დამთავრებულმა პოლიციურმა სპეცოპერაციებმა, გირგვლიანის, რობაქიძის და სხვათა გახმაურებულმა მკვლელობებმა, 7 ნოემბრის აქციის დარბევამ, თბილისის პოლიციის შენობასთან მიტინგის წინააღმდე არალეტალური იარაღის გამოყენებამ და ახლახანს ვეტერანთა აქციის დაშლამ კარგად აჩვენა თუ როგორ ესმით პოლიციელებს კანონით მინიჭებული უფლებები, რომლის მიხედვითაც "სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას პოლიციელს უფლება აქვს, პროპორციულობისა და აუცილებლობის პრინციპის გათვალისწინებით გამოიყენოს ფიზიკური იძულება, სპეციალური საშუალებები და სამსახურებრივი დანიშნულების ცეცხლსასროლი იარაღი." "პროპორციულობისა და აუცილებლობის პრინციპის" არსს კანონი არ განმარტავს. სპეციალური საშუალებების გამოყენების წესი და პირობები მტკიცდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით.

"ნაციონალური მოძრაობა" პოლიციისთვის ამ უპრეცედენტო და დემოკრატიის ნორმებთან შეუთავსებელი უფლებების დაკანონებას პოლიციელის უსაფრთხოებისა და სიცოცხლის დაცვის საჭიროებით ხსნის. შსს-სა და ხელისუფლების არგუმენტი ყველა შემთხვევაში ერთი და იგივეა, მოქალაქეების უსაფრთხოებაზე ზრუნვა და წესრიგის დაცვა. "თუ ამას პოლიციური სახელმწიფო ჰქვია, მაშინ მე ვამაყობ რომ პოლიციური სახელმწიფო გვაქვს", - განაცხადა მერაბიშვილმა "კომერსანტთან" ინტერვიუში, როდესაც ჟურნალისტმა მას კონტროლის გადამეტებული მექანიზმების მიზანშეწონილობაზე ჰკითხა.
თუმცა აქ იბადება კითხვა, რა სანდო მონაცემები მიუთითებს, იმაზე რომ პოლიციელების სიცოცხლისათვის საფრთხე გაიზარდა? თუკი შსს-ს სტატისტიკა ქვეყანაში დანაშაულის შემცირების ტენდენციას აჩვენებს, ხოლო სოციოლოგიური გამოკითხვები პოლიციისადმი მაღალ ნდობას, რის საფუძველზე ითვლება რომ პოლიციელის სიცოცხლისათვის საფრთხეები გაიზარდა?! არცერთი ობიექტური ინდიკატორი ამაზე არ მიუთითებს.

პოლიციისადმი მიძღვნილი კანონმდებლობა კიდევ არაერთ "მარგალიტებს" შეიცავს, რომელთა ძალითაც პოლიციელს უჩნდება რწმენა, რომ რეჟიმისადმი სრული ლოიალობა და პატრონისადმი ერთგულება შესაძლოა ნებისმიერი დანაშაულის თუ გადაცდომის ინდულგენცია გახდეს. პრეზიდენტის მიერ სანდრო გირგვლიანის მკვლელების შეწყალების და ვადამდე გათავისუფლების ამბავი საზოგადოებისათვის ცნობილია. ნაკლებად ცნობილია კანონის ის პუნქტი, რომლის მიხედვითაც "სამინისტროს მოსამსახურის მიერ კეთილსინდისიერი სამსახურისათვის, განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელოვანი დავალების შესრულებისათვის სამსახურებრივ მოვალეობათა სანიმუშოდ შესრულებისათვის შეიძლება შეფარდებული დისციპლინური სახდელის ვადამდე მოხსნა" და "დისციპლინური სახდელის შეფარდებისა და მოხსნის წესს ადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი." იცის კი საზოგადოებრიობამ დისციპლინარული სასჯელით "დასჯილი" პოლიციელებიდან რამდენს მოეხსნა სახდელი "მნიშვნელოვანი დავალების სანიმუშოდ შესრულებისათვის." !?

სამწუხაროდ დღეს პოლიცია, მცირე გამონაკლისის გარდა, იმაზე მეტად არის პოლიტიზებული ვიდრე რევოლუციამდელ პერიოდში. თანაც ეს პოლიტიზაცია სრულიად უნიკალურია. მმართველ პარტიაზე დამოკიდებულება არა მარტო წმინდა კონიუნქტურული მოსაზრებებით არის განპირობებული, არამედ რიგ შემთხვევებში იდეური და ღირებულებითი ერთობით. რევოლუციის შემდეგ შსს-ს და უშიშროების სტრუქტურებში მასობრივად მოხდა "ნაცმოძრაობასთან" დაკავშირებული ახალგაზრდული მოძრაობა "კმარა"-ს აქტივისტების, ასევე თავად პარტიული აქტივის მობილიზება ვანო მერაბიშვილის ჩათვლით. საზოგადოებისათვის უცნობია რჩებიან თუ არა ისინი ნაციონალური მოძრაობის წევრებად.

ამიტომაც ექსპერტები სრულიად სამართლიანად აყენებენ საკითხს შინაგან საქმეთა სამინისტროსგან პოლიციის გამოყოფის შესახებ, რათა შეძლებისდაგვარად უზრუნველყოფილი იყოს პოლიციის დამოუკიდებლობა, რომ იგი, რამდენადაც ეს შესაძლებელია ჩვენს დღევანდელ სინამდვილეში, რეალურად იყოს დაცული პოლიტიკური ზემოქმედებისგან. თუმცა როგორ და როდის მოხდება ეს, არავინ ამბობს.

არ სჭირდება ზედმეტი ახსნა იმას თუ რას ნიშნავს ყოვლისმომცველი ინფორმაციის ფლობა, განსაკუთრებით პირადი ცხოვრების თუ საზოგადოებრივ-პოლიტიკური აქტივობის მგრძნობიარე საკითხებზე. ბუნებრივია, რომ ადამიანებზე ინფორმაციის ფლობა, ამდენი პრივილეგია და ამდენი ბერკეტი საზოგადოებისა და თანამოქალაქეების საკონტროლებლად და დასამორჩილებლად, შსს -ს ყველა სტრუქტურის წარმომადგენელს კიდევ უფრო უზრდის პრივილეგირებული კასტისა და ზეკაცობის განცდას. ეს განცდა კი 2005 წლიდან მოყოლებული ისე მძლავრად გაუჯდათ ძვალ-რბილში პოლიციისა და შსს სტრუქტურების სხვადასხვა რანგის წარმომადგენლებს, რომ საზოგადოება ამას უკვე შეუიარაღებელი თვალითაც კი ხედავს. ამის შემდეგ კი რუსულ გამოცემა "კომერსანტისთვის" ინტერვიუში მერაბიშვილის სიტყვები, რომ თითქოს საქართველოში " ხალხმა გაიგო რომ პოლიციელი საზოგადოებაზე ზევით კი არ დგას, არამედ საზოგადოების ნაწილია," მხოლოდ მწარე ღიმილს თუ გამოიწვევს. საგულისხმოა მერაბიშვილის ინტერვიუებიც, სადაც იგი ცდილობს წარმოჩნდეს ძლიერ მინისტრად, რომელსაც ძალუძს კანონები მის "კარგ იდეებს" მოარგოს, გამოჩნდეს ერისკაცად, საზოგადოების ჭკუის დამრიგებლად, ქვეყნის საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის განმსჯელად და, არჩევნების შედეგების განმსაზღვრელადაც კი. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს სახელმწიფოში შსს-ს განსაკუთრებულ სტატუსს.

მშვიდობის ფონდის (http://www.fundforpeace.org) მიერ შედგენილ არშემდგარი სახელმწიფოების მახასიათებელ 12 ინდიკატორში, ერთ-ერთი გახლავთ სწორედ "უშიშროების აპარატის ფუნქციობა როგორც სახელმწიფოსი სახელმწიფოში." სამწუხაროდ, ამ ფონდის 2010 წლის რეიტინგში საქართველო კვლავ არშემდგარი სახელმწიფოების ე.წ. "წითელ სიაში" მოხვდა.

თუმცა შსს-სა და პოლიციასთან დაკავშირებით გაცილებით უფრო დიდი პრობლემა ის არის, რომ ხელისუფლების ცვლილების შემთხვევაშიც კი ძნელი იქნება მეტისმეტად აღზევებული ამ სტრუქტურის დაბრუნება დემოკრატიული სახელმწიფოსათვის მიღებულ ჩარჩოებში. ვერც ერთი არსებული პოლიტიკური ძალა ვერ გაბედავს ერთი ხელის მოსმით ამის გაკეთებას, რადგანაც ამით საკუთარ უსაფრთხოებასა და ხელისუფლებაში ყოფნას შეუქმნის პრობლემებს. ამიტომაც არის რომ თითქმის ყველა მეტნაკლებად მნიშვნელოვანი პოლიტიკური პარტია თუ ლიდერი, ცდილობს ამ თემაზე ზოგადი ფრაზებით შემოიფარგლოს და პოლიციასთან ხაზგასმით კორექტული იყოს.

როგორც ცნობილმა ინგლისელმა მწერალმა უოლტერ ლენდორმა განაცხადა, "დესპოტიზმი ყველაზე უსაფრთხოდ თავს გრძნობს იქ სადაც ის თავისუფლების სახითა და აბრით იმალება."

ზაალ ანჯაფარიძე

ავტორი: . .