"საქსტატი"-ს შენობის ახალი მფლობელი კომპანია "4 პეკინი" გახდა. 
კომპანიამ "საქსტატი"-ს შენობა დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გამართულ აუქციონზე 4,2 მილიონ დოლარად შეიძინა. 
"4 პეკინის" გენერალური დირექტორის რამაზ გაჩეჩილაძის გამარტებით, "საქსტატი"-ს ყოფილ შენობაში ბიზნეს ცენტრი განთავსდება. 
"აღნიშნულ შენობაში დაგეგმილი გვაქვს ბიზნეს ცენტრის მოწყობა, თუმცა შესაძლებელია შენობის გარკვეული ნაწილი სავაჭრო ცენტრს და ზოგიერთ კვების ობიექტსაც დავუთმოთ," - განაცხადა რამაზ გაჩეჩილაძემ. 
კომპანიის მენეჯმენტი ამ დროისათვის ვერ აკონკრეტებს თუ რა მოცულობის ინვესტიცია განხორციელდება "საქსტატი"-ს ყოფილი შენობის რეაბილიტაციისთვის. 
მათი ინფორმაციით, ბიზნესგეგმაზე მუშაობა ამ დროისათვის მიმდინარეობს და გარკვეული ციფრები დაანგარიშებული არ არის. 
კომპანია "4 პეკინი" ახლადდაფუძნებული კომპანიაა, რომელიც დღეს პეკინის 4 ნომერში მდებარე შენობის მფლობელი გახდა. 
შეგახსენებთ, რომ დღეს "საქსტატის" შენობა აუქციონზე მეორედ გავიდა. 
ობიექტის საწყისი ღირებულება 4 მლნ. 150 ათასი აშშ. დოლარი იყო (დღგ-ს ჩათვლით).
აუქციონის პირობების თანახმად, მყიდველი ვალდებულია საპრივატიზებო თანხის გადახდა შემდეგი გრაფიკის მიხედვით მოახდინოს: თანხის 50% საჯარო აუქციონის ჩატარებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში გადაიხადოს, ხოლო დარჩენილი 50%-ი 2011 წლის 30 ივნისამდე დაფაროს.
პირობების თანახმადვე, საპრივატიზებო ობიექტის გამოთავისუფლება ეტაპობრივად: სარდაფის, I და II სართულების გამოთავისუფლება აუქციონის ჩატარებიდან ერთი თვის განმავლობაში, ხოლო III, IV, V, VI და VII სართულების გამოთავისუფლება 2011 წლის 1 მაისამდე;
აუქციონის პირობებით გათვალისწინებულია ასევე, საპრივატიზებო ობიექტში განთავსებული მოსარგებლეებისათვის, ამავე ობიექტით უსასყიდლო სარგებლობის უფლებით უზრუნველყოფა 2011 წლის I მაისამდე.