უკრაინა რუსეთისგან გაზის მიწოდების ხელშეკრულების გადახედვას ითხოვს. უკრაინის მთავრობა 2011 წელსაც გააგრძელებს მოლაპარაკებას რუსეთის მთავრობასთან, გაზის ტარიფის ფორმულასთან დაკავშირებით. ამის შესახებ განცხადება უკრაინის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლაი აზაროვმა გააკეთა.
"მიზნად დავისახეთ, მიგვეღწია შეთანხმებას ამ ფორმულის გადახედვასთან დაკავშირებით, თუმცა მიზანს ვერ მივაღწიეთ. ვერ მოვიძიეთ სათანადო არგუმენტები, რათა რუსეთის ხელისუფლება დაგვერწმუნებინა, იმაში, რომ არსებული ხელშეკრულება არათანაბარი პირობებითაა გაფორმებული", _ აცხადებს უკრაინის მინისტრთა კაბინეტის ხელმძღვანელი.
უკრაინის მთავრობის ხელმძღვანელის განმარტებით, უკრაინის ხელისუფლება ყველა ღონეს ხმარობს, რომ რუსეთის ხელისუფლება ხელშეკრულების გადახედვის აუცილებლობაში დაარწმუნოს.
მსოფლოში ნავთობპროდუქტების გაძვირების გამო, რუსეთ-უკრაინას შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, უკრაინისათვის რუსული გაზის ფასი იზრდება.
პრემიერ-მინისტრმა არ გამორიცხა ერთობლივი საწარმოს შექმნა, რომელშიც ჩართული იქებიან უკრაინა, რუსეთი და ევროკავშირი, რომელიც ევროპაში გაზის ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს.
"ერთობლივი საწარმოს შექმნაზე, თუ კი ეს ხელშეკრულების გადახედვის პირობა იქნება, ჩვენ მზად ვართ ეს არგუმენტი გავიზიაროთ", _ განაცხადა აზაროვმა. მისი თქმით, უკრაინის მთავრობის მთავარი პრიორიტეტი 2011 წელს, გაზის საკუთარი მოპოვების მოცულობის ზრდა იქნება.
აღსანიშნავია რომ უკრაინამ "გაზპრომს" დეკემბერში მიწოდებული გაზის სანაცვლოდ 1 მლრდ. 78 მლნ. დოლარი გადაუხადა. 2010 წლის მეოთხე კვარტალში უკრაინისათვის რუსული გაზის ფასი 1000 კუბ/მ-ზე 253 დოლარს შეადგენდა. 2010 წელს უკრაინისათვის რუსული გაზის ღირებულება 1000 კუბ/მ რუსულ გაზე საშუალოდ 260,5 დოლარს შეადგენდა.