საქართველოს მთავრობის პასუხი ჩვენი პარტნიორების კრიტიკაზე ერთდროულად სულელურია და უაღრესად საშიში - პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი გიორგი გახარია ირაკლი კობახიძის წერილს ეხმიანება.
გახარიას თქმით, ივანიშვილი მიზანმიმართულად ახდენს დაძაბულობის ესკალაციას სტრატეგიულ პარტნიორებთან.
„საქართველოს მთავრობის პასუხი ჩვენი პარტნიორების კრიტიკაზე ერთდროულად სულელურია და უაღრესად საშიში. ივანიშვილი მიზანმიმართულად ახდენს დაძაბულობის ესკალაციას და გეომეტრიული პროგრესიით ანადგურებს საქართველოს ურთიერთობას მის სტრატეგიულ პარტნიორებთან, რასაც ჩვენი ქვეყანა ათწლეულების განმავლობაში აშენებდა. მსგავსი საქციელი ვერც ერთი შიდა პოლიტიკური ფაქტორით ვერ აიხსნება. აშკარაა, რომ ქართული ოცნების ეს ქმედებები შთაგონებულია გარე ფაქტორებით, რომელთაც უახლოეს მომავალში ნათელი მოეფინება", - წერს გიორგი გახარია.
კობახიძის ის წერილი, რომელიც დღეს გავრცელდა. წერილში კობახიძე წერს: „ვესაუბრე დერეკ შოლეს და გამოვხატე ჩემი გულწრფელი იმედგაცრუება 2020-2023 წლების ორი რევოლუციური მცდელობის გამო, რომელიც ამერიკის ყოფილი ელჩის მხარდაჭერით და გარედან დაფინანსებული „ენჯეოების“ მეშვეობით განხორციელდა“.
კობახიძე ამერიკისგან რუსული კანონის შესახებ კრიტიკის შეწყვეტას მოითხოვს და ამტკიცებს რომ პრეზიდენტ ბაიდენის გუნდის მაღალჩინოსანს, რომელსაც გუშინ ტელეფონით ესაუბრა, უთხრა რომ ურთიერთობების აღსადგენად, ამერიკამ საქართველოსთან მიდგომები უნდა შეცვალოს“.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველმა დერეკ შოლემ სოციალურ ქსელში გუშინ დაწერა, რომ გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს ესაუბრა.