ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერი, სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობების დელეგაციის თავმჯდომარე მარინა კალიურანდი და ევროპარლამენტში საქართველოს საკითხებზე მომხსენებელი სვენ მიკსერი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
განცხადებაში ევროპარლამენტარები გმობენ მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ განხორციელებულ ძალადობას და ხელისუფლებას "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონპროექტის გაწვევისკენ მოუწოდებენ.
"ღრმად შეშფოთებულები ვართ საქართველოში განვითარებული მოვლენებით და ვგმობთ მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და ოპოზოციური პოლიტიკოსების მიმართ განხორციელებულ ძალადობას, რომლებიც "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონპროექტის წინააღმდეგ გამოვიდნენ. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, დაუყოვნებლივ მოახდინოს სიტუაციის დეესკალაცია და შეწყვიტოს ძალის გამოყენება მშვიდობიანი პროტესტანტების წინააღმდეგ. კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ მშვიდობიანი შეკრების უფლება ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც ზედმიწევნით უნდა იყოს დაცული.
ჩვენ უკვე გამოვხატეთ შეშფოთება იმ საკამათო კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც თავს ეხსმის დამოუკიდებელ მედიასა და სამოქალაქო საზოგადოებას. მიღების შემთხვევაში ეს კანონი საფრთხეს შეუქმნის საქართველოს წინსვლას ევროატლანტიკურ გზაზე. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გაიწვიონ ეს კანონპროექტი და ფოკუსირება მოახდინონ, ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანებისთვის საჭირო რეფორმებისთვის ძალისხმევაზე.
ქართველი ხალხი იცავს თავისუფლებას, დემოკრატიასა და ევროპულ მომავალს. მათ არ სურთ იყვნენ რუსეთის ორბიტის ნაწილი. ქართველ ლიდერებს მოვუწოდებთ, დააკმაყოფილონ საკუთარი მოქალაქეების მოლოდინები და არ შეუზღუდონ ლეგიტიმური ევროპული მისწრაფებები. სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ ქართველ ხალხს, რომელიც აჩვენებს დაუღალავ ერთგულებას დემოკრატიის, ევროპული ღირებულებებისა და საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზის მიმართ", - ნათქვამია განცხადებაში.