ყველა მოძალადე და სამართალდამრღვევი კანონის წინაშე უმკაცრესად აგებს პასუხს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„რა თქმა უნდა, დღესაც ველით, რომ რადიკალური პოლიტიკური უმცირესობის აქცია მიიღებს ძალადობრივ და კანონსაწინააღმდეგო ხასიათს. ეს ყველაფერი გამოხატული იქნება, პირველ რიგში, სახელმწიფო შენობების პიკეტირების მცდელობით, პოლიციელებზე ძალადობით და მათი შეურაცხყოფით.
საქართველო არის დემოკრატიული სახელმწიფო და აქ უფლება მშვიდობიან შეკრებასა და გამოხატვაზე განუხრელად არის დაცული. ამასთან, მოვუწოდებ ყველას, თავი შეიკავონ ძალადობრივი და კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისგან. ყველა მოძალადე და სამართალდამრღვევი კანონის წინაშე უმკაცრესად აგებს პასუხს.
მოვუწოდებ სამართალდამცავებს, გამოავლინონ მაქსიმალური მოთმინება. მესმის, რომ მარტივი არ არის ძალადობისა და შეურაცხყოფის რეაგირების გარეშე დატოვება. თუმცა, ვთხოვ ყველას, მაქსიმალური მოთმინებით დაუპირისპირდნენ მომიტინგეების ნებისმიერ ძალადობრივ თუ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას. სამართალდამცავების მხრიდან ნებისმიერი გადამეტებული ძალის გამოყენება რადიკალური ოპოზიციის მიერ გამოყენებული იქნება საკუთარი ძალადობრივი ქმედებების გადასაფარად“, - თქვა კობახიძემ.