ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პრორუსული, "კონსერვატიული მოძრაობის", იგივე "ალტ-ინფოს" ახალი პარტიის საარჩევნო რეგისტრაციის პროცედურა შეაჩერა. "ალტ-ინფოს" ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ მახარაძე სოციალურ ქსელში ცესკო-ს წერილის ფოტოს აქვეყნებს.
"ეს წერილი დაგვახვედრა ცეესკომ და გვითხრა, რომ არ დაითვლის ჩვენს მიტანილ 70 000 ხელმოწერას, რადგან რეესტრმა ,,ქართული იდეის,, გაუქმების პროცესიც დაიწყო.
ვუყურებ ახლა ამ დოკუმენტს რომლითაც ოცნება ,,ქართულ ოდეას,, აუქმებს, პარტიას რონელიც წინა არჩევნებში მონაწილეობას იღებდა და პარალელურად ვკითხულობ ვითომ ეროვნული ფლანგის ხალხის პოსტებს, ვინც ჩვენ სამშობლოს მოღალატედ გვაცხადებენ იმის გამო, რომ ოცნების პარტიულ ღონისძიებაზე არ მივდივართ”, - წერს მახარაძე.
ცესკო-ს წერილის თანახმად, ცესკო-ს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 25 აპრილის წერილით ეცნობა, რომ უწყებაში შესულია ანტიკორუფციული ბიუროს მიმართვა/შინაარსით საჩივარი, რომელიც ეხება მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების "ქართული იდეა" რეგისტრირებული მონაცემების კანონმდებლობასთან შესაბამისობის მოკვლევას.
ასევე საჯარო რეესტრმა 23 აპრილს ზემოაღნიშნული საჩივარი წარმოებაში მიიღო და "ვიდრე არ დადგინდება პარტიის რეგისტრირებული მონაცემების კანონმდებლობასთან შესაბამისობა, მათ შორის ცესკოსადმი რეგისტრაციის მოთხოვნით წარდგენილ განცხადებაზე უფლებამოსილი პირის კანონიერება, ცესკო ზემოაღნიშნული ვადით აჩერებს საარჩევნო რეგისტრაციის პროცედურების განხილვას".