საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა განაცხადა, რომ საბერძნეთი უკრაინას S-300-ის ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებსა და Patriot-ს საჰაერო სისტემებს არ გადასცემს.
მიცოტაკისის თქმით, საბერძნეთს ჰკითხეს ამ იარაღის შესახებ და ხელისუფლებამ განმარტა, რატომ არ შეეძლო მათი გაცემა.
„საბერძნეთმა მხარი დაუჭირა უკრაინას სხვადასხვა გზით, თავდაცვის საშუალებებით, მაგრამ ჩვენ პირველივე მომენტიდან ვთქვით, რომ ჩვენ ვერ დავთმობთ შეიარაღების სისტემებს, რომლებიც გადამწყვეტია ჩვენი შეკავების შესაძლებლობებისთვის.
ჩვენ გვაქვს ჭარბი საშუალებები, რომლითაც შეგვიძლია მხარი დავუჭიროთ უკრაინას, ეს გავაკეთეთ და მიმაჩნია, რომ ეს სწორი არჩევანია. და თუ ასეთი საშუალებების მოძიება მოვახერხეთ, გავაგრძელებთ.
მაგრამ თქვენს მიერ ნახსენები საჰაერო თავდაცვის სისტემები გადამწყვეტია საბერძნეთის საჰაერო სივრცის დასაცავად და არ გაიგზავნება უკრაინაში, - განაცხადა მიცოტაკისმა.
22 აპრილს ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირისა და ნატო-ს მოკავშირეები საბერძნეთსა და ესპანეთს მოუწოდებენ, უკრაინას დამატებითი საჰაერო თავდაცვის სისტემები მიაწოდონ.