მოვუწოდებ საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს, გაიწვიონ კანონპროექტი, ისე როგორც ეს შარშან მოხდა. ცხადია, რომ ეს კანონმდებლობა შეუთავსებელია ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებთან, – ამის შესახებ კრიზისების მართვის საკითხებში ევროკომისარმა, იანეზ ლენარჩიჩმა ევროპარლამენტში მიმდინარე დებატების დროს, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე ევროკომისიის პოზიციის წარდგენისას განაცხადა.
„გასული კვირების განმავლობაში საქართველოს ათასობით მოქალაქე ქუჩაში გავიდა, რათა გამოეყენებინა საკუთარი უფლება, გამართონ მშვიდობიანი აქცია. ისინი კიდევ ერთხელ ითხოვდნენ, რომ უკან იყოს გაწვეული კანონი უცხოური ინტერესების გამჭვირვალობის შესახებ კანონის. ჩვენ უკვე ვნახეთ შთამბეჭდავი სცენები საქართველოში გასულ წელს. ყველა ასაკის მოქალაქეს ხელში ეჭირა საქართველოსა და ევროკავშირის დროშები, რითაც აჩვენებდნენ მათ მტკიცე მხარდაჭერას დემოკრატიისადმი, ჩვენი საერთო ევროპული ღირებულებებისადმი და საქართველოს გეზისადმი ევროკავშირისკენ. იმ დროს მმართველმა პარტიამ და მთავრობამ დადეს საჯარო დაპირება საქართველოს მოქალაქეების წინაშე, რომ ასეთი კანონი უკან არასდროს დაბრუნდებოდა. მე მოვუწოდებ საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს, გაიწვიონ კანონპროექტი, ისე როგორც ეს შარშან მოხდა. ცხადია, რომ ეს კანონმდებლობა შეუთავსებელია ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან. ეს კანონი თუ იქნება მიღებული, ის საფრთხეს შეუქმნის საქართველოს პროგრესს ევროკავშირის გზაზე. საქართველოს მოქალაქეებს აქვთ მომავალი ევროკავშირში. კანდიდატის სტატუსმა, რომელიც საქართველოს გასული წლის დეკემბერში მიენიჭა, ჩვენი ურთიერთობები დააახლოვა ისე, როგორც არასდროს. ჩვენი კარი ღიაა. ასე რომ, მე მოვუწოდებ ქართველ ლიდერებს, გააკეთონ ის, რასაც მოქალაქეები კარნახობენ და არ გადაიყვანონ საქართველო ევროკავშირის გზიდან“, – განაცხადა ევროკომისარმა.