ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის ან ოჯახური დანაშაულის მსხვერპლთა დაცვის მიზნით, არაერთი ცვლილება განხორციელდა სხვადასხვა საკანონმდებლო აქტებში, მათ შორის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, ინტერპელაციის წესით სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, სტამბოლის კონვენციის რატიფიცირებით აღებული ვალდებულებების შემდეგ, საქართველოს მთავრობამ გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები, როგორც მსგავსი კატეგორიის დანაშაულზე რეაგირების, ასევე, პრევენციის მიმართულებით.
„ცალკეული დანაშაულისთვის დამამძიმებელ გარემოებად გენდერის ნიშანი განისაზღვრა და გამკაცრდა სასჯელი; გაიზარდა ოჯახში ძალადობისთვის თავისუფლების აღკვეთის სახით დასანიშნი სასჯელი; შემაკავებელი ორდერის პირველივე დარღვევა გახდა სისხლისსამართლებრივად დასჯადი ქმედება; სექსუალური ძალადობის ჩამდენ პირთა მიმართ გამკაცრდა სასჯელები და დაიწყო მსჯავრდებულ და უფლებაჩამორთმეულ პირთა მონიტორინგი.
„ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ კანონი არეგულირებს ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის გამოვლენის, აღკვეთის, მსხვერპლთა დაცვის და რეაბილიტაციის პროცედურებს.
2021 წელს, კანონში შევიდა ცვლილება და პრევენციულ ღონისძიებებზე განმახორციელებელი უწყებების ჩამონათვალი განისაზღვრა, რომელთა შორის, უდიდესი როლი შინაგან საქმეთა სამინისტროს აკისრია.
უწყებების დროული, კოორდინირებული საქმიანობა, ასევე, განისაზღვრება მთავრობის მიერ 2024 წელს დამტკიცებული „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა გამოვლენის, მათი დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის ეროვნული რეფერირების პროცედურებით“.
ასევე, უწყებათა კოორდინირებულ მუშაობას განსაზღვრავს 2016 წლის „ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების“ მთავრობის დადგენილება, რომელიც ბავშვზე ძალადობის შემთხვევაში, სუბიექტებს სამართალდამცავი უწყების ინფორმირებას ავალდებულებს“, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.
მისივე თქმით, აღნიშნული კოორდინაცია უმნიშვნელოვანესია მსგავსი კატეგორიის დანაშაულების, როგორც პრევენციული ღონისძიებების განხორციელების ასევე, რეაგირების კუთხით.
„მაგალითად, როდესაც საქმე ეხება არასრულწლოვნის ქორწინების იძულებას, ქორწინებას ან ოჯახში ძალადობას, ძალიან მნიშვნელოვანია დროული კომუნიკაცია შესაბამის უწყებებს შორის, როგორიცაა: განათლების სამინისტრო, ადგილობრივი მუნიციპალიტეტი ან ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მუშაკები.
ასევე, რეფერირების ფარგლებში, სერვისების მიწოდების ან/და თავშესაფრით უზრუნველყოფის საჭიროების შემთხვევაში, შინაგან საქმეთა სამინისტრო კოორდინირებულად მუშაობს ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად.