ისრაელში საქართველოს ელჩი ზაზა კანდელაკი ისრაელში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს არსებული რეკომენდაციების გათვალისწინებისა და უსაფრთხოების ზომების დაცვისკენ მოუწოდებს.
მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეებს აქვთ შესაძლებლობა, ცხელი ხაზის მეშვეობით საელჩოსგან მიიღონ მათთვის საინტერესო ინფორმაცია.
„საელჩო ქვეყანაში არსებული ვითარების მიხედვით მოქმედებს. მაქსიმალურად ვცდილობთ, ჩვენი მოქალაქეებისთვის ნათელი გახდეს უსაფრთხოების ზომები, რომელიც ახლა არის გამოცხადებული. ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ნებისმიერ დროს, საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია, მისთვის მნიშვნელოვანი და საინტერესო ინფორმაცია მიიღოს საელჩოსგან. საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელიც ცხოვრობს დღეს ისრაელში, მოვუწოდებთ, გაითვალისწინოს ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც გაცემულია ისრაელის ხელისუფლების მიერ და დაიცვას ამ რეკომენდაციების მიხედვით ყველა აუცილებელი უსაფრთხოების ზომები“, – განაცხადა ზაზა კანდელაკმა. (საქართველოს პირველი არხი)
გასულ ღამეს ირანმა ისრაელის მიმართულებით ასობით დრონი და რაკეტა გაუშვა. ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, დრონებისა და რაკეტების უმრავლესობა მოიგერიეს. თავდასხმისას დაშავდა, სულ მცირე, ერთი ადამიანი. ამერიკის თავდაცვის მდივნის ლოიდ ოსტინის განცხადებით, ისრაელს თავდასხმის მოგერიებაში ამერიკული ძალები დაეხმარნენ.