ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ღაზის სექტორში საბრძოლო მოქმედებები ორ თვეზე მეტ ხანს არ გაგრძელდება და აღნიშნა, რომ ისრაელმა უკვე გაანადგურა ჰამასის ქვედანაყოფების 75 პროცენტი.
"ჩვენ გავანადგურეთ ჰამასის ტერორისტების საბრძოლო ბატალიონების სამი მეოთხედი. ჩვენ ახლოს ვართ ბრძოლის ბოლო ნაწილის დასასრულთან," - განაცხადა ნეთანიაჰუმ.
ისრაელისპრემიერმა დასძინა, რომ საბრძოლო მოქმედებებს "ორ თვეზე მეტი არ დასჭირდება".
”შესაძლოა, ექვსი კვირა, შესაძლოა ოთხი”, - თქვა მან.
ნეთანიაჰუმ ასევე ოსაუბრა ორივე მხარის დაღუპულთა რაოდენობის შესახებ. მისი თქმით, დაახლოებით 13,000 პალესტინელი მებრძოლი დაიღუპა, ხოლო მშვიდობიანი მოსახლეობის სიკვდილიანობა შეფასებულია 1-1,5 თითოეულ მებრძოლზე. მისი თქმით, დაღუპულთა საერთო რაოდენობა - მებრძოლები და მშვიდობიანი მოქალაქეები ერთად - 26000-ზე მეტია.
მან ასევე უარყო ცეცხლის შეწყვეტის იდეა მუსლიმთა წმინდა თვის რამადანის დროს და თქვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მას "სურდა მძევლების კიდევ ერთი გათავისუფლება", ის ვერ ხედავდა "გარღვევას მოლაპარაკებებში... „გათავისუფლების გარეშე საომარ მოქმედებებში პაუზა არ იქნება.“ - თქვა ნეთანიაჰუმ.
გარდა ამისა, ისრაელის პრემიერ-მინისტრი გამოეხმაურა ბაიდენის კრიტიკას, რომელმაც განაცხადა, რომ ისრაელის ლიდერი „უფრო მეტად ზიანს აყენებს ისრაელს, ვიდრე ეხმარება მას“.
„ზუსტად არ ვიცი, რას გულისხმობდა პრეზიდენტი, მაგრამ თუ ის ფიქრობს, რომ მე ვაკეთებ რამეს ისრაელის უმრავლესობის სურვილის საწინააღმდეგოდ და რომ ეს აზიანებს ისრაელის ინტერესებს, მაშინ ის ცდება. ეს არის პოლიტიკა, რომელსაც მხარს უჭერს ისრაელის დიდი უმრავლესობა. ისინი მხარს უჭერენ ქმედებებს, რომლებსაც ჩვენ ვახორციელებთ“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ.