ჰაიტის დედაქალაქ პორტ-ო-პრენსში შეიარაღებული ჯგუფები თავს დაესხნენ სამთავრობო შენობებს, პოლიციის განყოფილებებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს და პრეზიდენტის სასახლეს. ინფორმაციას ABC და CNN ავრცელებენ.
ABC-ის წყაროს თქმით, თავდასხმა იყო "კოორდინირებული და სწრაფი". სხვადასხვა სამთავრობო შენობებსა და პოლიციის განყოფილებებს ერთდროულად დაესხნენ თავს. მედიის ცნობით, სროლის ხმა მთელ ქალაქში ისმოდა.
"ჩვენ კვლავ ვმუშაობთ იმისთვის, რომ ვითარება რაც შეიძლება სწრაფად მოვაქციოთ კონტროლის ქვეშ. ჩვენ ვაკეთებთ მაქსიმუმს, რაც შეგვიძლია, იმით, რაც გვაქვს", - განუცხადა CNN-ს წყარომ სამართალდამცველი ორგანოებიდან .
წინასწარი მონაცემებით, მოკლულია 10-ზე მეტი თავმდამსხმელი. პოლიციელების დაღუპვის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.
ბანდების თავდასხმები სამთავრობო და ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე ჰაიტიში მარტის დასაწყისში დაიწყო. ქვეყნის ყველაზე ძლიერი დაჯგუფებები გაერთიანდნენ. ჰაიტის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი არიელ ანრი ქვეყანაში არ იმყოფებოდა, როდესაც თავდასხმები დაიწყო და უსაფრთხოებიდან გამომდინარე უკან ვერ დაბრუნდა. შეიარაღებული ჯგუფები ასევე თავს დაესხნენ ორ ციხეს და 4 ათასამდე პატიმარი გაათავისუფლეს. ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი გამოცხადდა.
არეულობის დაწყების მიზეზი იყო არიელ ანრის შეთანხმება კარიბის ზღვის აუზის ქვყნების ლიდერების შეხვედრაზე, სადაც საუბარი იყო საყოველთაო არჩევნების ჩატარებაზე 2025 წლის შუა რიცხვებში. ჰაიტის შეიარაღებულმა ბანდებმა, რომელსაც ყოფილი ელიტარული პოლიციის ექს-ოფიცერი ჯიმი ჩერიზერი მეთაურობს, გააკრიტიკეს გადაწყვეტილება და პრემიერ-მინისტრს, სამოქალაქო ომით დაემუქრნენ.