უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ თურქეთის პრეზიდენტთან მშვიდობის ფორმულის შესახებ ბევრი ისაუბრეს.
„ბატონ პრეზიდენტს მივაწოდე ინფორმაცია ლიდერთა დონეზე გლობალური სამშვიდობო სამიტის მომზადების შესახებ, რომელიც ტარდება შვეიცარიაში. პირველი სამშვიდობო სამიტი. აშკარაა, რომ თურქეთის განსაკუთრებული როლი იმსახურებს იმას, რომ თქვენი სახელმწიფოს ლიდერობა წარმოჩინდეს სამშვიდობო სამიტზე და მსოფლიო უმრავლესობის ერთობლივ მუშაობაში მშვიდობის ფორმულის სრული განხორციელებისთვის“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
ამასთან, მან გლობალური სამშვიდობო სამიტის ფორმატზე ისაუბრა.
„რაც შეეხება საინაუგურაციო სამიტის ფორმატს... ჩვენ ვერ ვხედავთ, რუსეთის წარმომადგენლებს ამ სამიტზე, ჩვენ ვერ ვხედავთ, რა მიზნით შეიძლება მოიწვიონ ადამიანები, რომლებიც ყველაფერს ბლოკავენ, ანგრევენ და კლავენ. ჩვენ გვინდა მივიღოთ შედეგი: სამართლიანი მშვიდობა. უკრაინისთვის სამართლიანი.
ამიტომ, დაე, მსოფლიოს ცივილიზებულმა ქვეყნებმა ჯერ შეიმუშაონ დეტალური გეგმა და მიიღონ შედეგი და მხოლოდ ამის შემდეგ მოიწვიონ რუსეთის წარმომადგენლები, ზუსტად ისინი, ვინც მზად იქნებიან სამართლიანი მშვიდობისთვის“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ზელენსკი იმედოვნებს, რომ პირველი სამშვიდობო სამიტი ამ გაზაფხულზე გაიმართება. მისი თქმით, უკრაინას არ სურს, რომ მას თავს მოახვიონ მოლაპარაკებების ნებისმიერი ფორმატები.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ინიციატივა შეიძლება მხოლოდ უკრაინიდან მოდიოდეს. პირველად უკრაინულმა მხარემ მშვიდობის ფორმულა ინდონეზიაში 2022 წლის ნოემბერში სამიტზე შესთავაზა. ფორმულა შედგება 10 პუნქტისგან, რომელთა შორის საუბარია უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და მსოფლიო წესრიგის აღდგენაზე, ყველა ტყვისა და დეპორტირებული ადამიანის გათავისუფლებაზე, რუსული ჯარების გაყვანაზე და საომარი მოქმედებების შეწყვეტაზე.