ინდოეთის სპეცსამსახურებმა აღმოაჩინეს ადამიანებით ვაჭრობის მასშტაბური ქსელი", რომლის წევრებსაც ახალგაზრდები რუსეთში მოტყუებით გადაჰყავდათ და აიძულებდნენ ებრძოლათ უკრაინის წინააღმდეგ ომში. ამის შესახებ ნათქვამია გამოძიების ცენტრალური ბიუროს (CBI) განცხადებაში.
აღნიშნულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ სქემის მსხვერპლი დაახლოებით 35 ადამიანი გახდა. გამომძიებლების თქმით, მოქმედებდნენ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, ახალგაზრდებს სოციალური ქსელების საშუალებით პოულობდნენ. მათ სთავაზობდნენ მაღალანაზღაურებად სამუშაოებს რუსეთში. გამოცემა Indian Express-ი, CBI-ზე დაყრდნობით იუწყება, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა ასევე მოტყუებით მიიზიდეს მოქალქეები და რუსეთში, კერძო უნივერსიტეტებში ჩაბარების დაპირებებით წაიყვანეს.
თუმცა, როგორც Indian Express-ი წერს, რუსეთში ჩასვლის შემდეგ, ინდოეთის მოქალაქეებს პასპორტები წაართვეს და სამხედრო მომზადების გასავლელად გაგზავნეს. „ინდოეთის მოქალაქეებმა, რომლებიც სქემის მსხვერპლნი იყვნენ, გაიარეს სამხედრო მომზადება, რის შემდეგაც მათი ნების საწინააღმდეგოდ ისინი გაგზავნეს სამხედრო ბაზებზე, საომარი მოქმედებებისზონაში“, - ნათქვამია სპეცსამსახურების განცხადებაში.
დეპარტამენტის განმარტებით, მათ ჩაატარეს 13 ჩხრეკა ინდოეთის შვიდ ქალაქში, რომლის დროსაც სამართალდამცავებმა ამოიღეს დაახლოებით ხუთი მილიონი რუპია ($60,000) ნაღდი ფული, დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებდნენ უკანონო ქმედებებს, ასევე ელექტრონული მოწყობილობები.
თებერვალში ცნობილი გახდა, რომ ინდოეთის ხელისუფლებამ სთხოვა რუსეთს, ნება დაერთო ინდოეთის მოქალაქეებისთვის, რომლებმაც კონტრაქტები გააფორმეს რუსეთის ჯართან, სამხედრო სამსახურიდან ვადამდე ადრე გათავისუფლებულიყვნენ.
მანამდე ადგილობრივი მედია იუწყებოდა, რომ სავარაუდოდ, ინდოეთის 100-მდე მოქალაქემ რუსეთის ჯართან კონტრაქტი გააფორმა. თებერვლის ბოლოს ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ინდოეთის 20-მდე მოქალაქე საბრძოლო ზონაში იყო „ჩარჩენილი“.
მარტის დასაწყისში, Reuters-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინაში ინდოეთის ორი მოქალაქე დაიღუპა. ქვეყნის ხელისუფლება ჯერჯერობით მხოლოდ ერთი მათგანის დაღუპვას ადასტურებს