მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ განაცხადა, რომ რუსეთი კვლავ ცდილობს მისი ქვეყნის დესტაბილიზაციას და გააფრთხილა, რომ თუ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს უკრაინაში არ შეაჩერებენ, ის მთელი ევროპისთვის საფრთხედ დარჩება.
"თუ აგრესორს არ შეაჩერებენ, ის გააგრძელებს და ფრონტის ხაზი უფრო დაახლოვდება. ჩვენთან უფრო ახლოს. თქვენთან უფრო ახლოს. ევროპამ უნდა გამოვიდეს ერთიანი ფრონტით. აგრესია უნდა მოიგერიოს ძლიერი ძალით", - თქვა მაია სანდუმ პარიზში, საფრანგეთთან თავდაცვის თანამშრომლობისა და ეკონომიკური „საგზაო რუკის“ შეთანხმებაზე ხელმოწერის ცერემონიის დროს.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა დაარწმუნა მოლდოვა ურყევ მხარდაჭერაში. "მოლდოვის დემოკრატიული რეალობა და მისი სწრაფვა ევროპული მომავლისთვის, ისევე როგორც უკრაინის, არის გამოწვევა ვლადიმირ პუტინის რუსეთისთვის. საფრანგეთი იმეორებს თავის ურყევ მხარდაჭერას მოლდოვის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში", - ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.
მაკრონისა და სანდუს განცხადებით, უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული ინტერვენციის ორი წლის შემდეგ, მოლდოვა ჰიბრიდული თავდასხმების გაზრდის წინაშე დგას. ყველაზე შემაშფოთებელი ვითარებაა მოლდოვის სეპარატისტულ რეგიონში, დნესტრისპირეთში, რომელმაც გასულ კვირას მოსკოვს „დაცვა“ სთხოვა. მოლდოვაში იზრდება შიში იმისა, რომ დნესტრისპირეთი, შესაძლოა გახდეს ახალი ცხელი წერტილი.
„მოლდოვის სახელმწიფოს უნდა შეეძლოს დაიცვას თავისი ნეიტრალიტეტი, ტერიტორია და მოსახლეობა და წვლილი შეიტანოს რეგიონულ და საერთაშორისო უსაფრთხოებაში“, - ხაზგასმით აღნიშნეს სანდუმ და მაკრონმა ერთობლივ განცხადებაში.
მაკრონმა ასევე დაარწმუნა სანდუ, რომ საფრანგეთი სრულად უჭერს მხარს მოლდოვაში გატარებულ რეფორმებს ევროკავშირში საბოლოოდ გაწევრიანების მიზნით.