კონფედერაციული მოწყობა არის ჩვენი სახელმწიფოებრიობის რღვევა, ის, ვინც საქართველოში ლობირებს კონფედერაციის იდეას, არის რუსეთის გავლენის აგენტი, - ამის შესახებ პარტია „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარემ პაატა დავითაიამ განაცხადა.
„მინდა გამოვეხმაურო ტელევიზიებში გავრცელებულ ჩანაწერს ვოლსკის და ხიდაშელს შორის, სადაც საუბარია კონფედერაციის საკითხის განხილვაზეც. პირდაპირ ვაცხადებ, რომ კონფედერაციული მოწყობა არის საქართველოს სახელმწიფოებრიობის რღვევა. რუსეთის სპეცსამსახურები, კერძოდ, რუსეთის უშიშროების საბჭო, 2007 წელს განიხილავდა ვარიაციას იმასთან დაკავშირებით, რომ რკინიგზის აღდგენის გზით მომხდარიყო კონფედერაციული კავშირის შექმნა, რასაც შემდგომ მოჰყვებოდა კონფედერაციის რღვევა და აფხაზეთის მიერ საქართველოს „სამართლებრივად დატოვება.“
კონფედერაცია არის ორი ან რამდენიმე სახელმწიფოს კავშირი, როდესაც მასში შემავალი სახელმწიფოები სრული სახით ინარჩუნებენ საკუთარ სუვერენიტეტს, და იურდიულ შესაძლებლობას დატოვონ კონფედერაცია. საქართველოს კონფედერაციაში შესვლა, პირველ რიგში, ნიშნავს საქართველოს მიერ აფხაზეთის სუვერენიტეტის აღიარებას.
აფხაზების გეგმა რუსეთის სპეცსამსახურებთან დაკავშირებით, რაც შეეხება აფხაზეთის საერთაშორისო აღიარებას, მდგომარეობს კონფედერაციის შექმნაში. რასაც შემდგომ უნდა მოჰყვეს იურდიულად კონფედერაციის დატოვება, რაც გამოიწვევს აფხაზეთის საერთაშორისო აღიარებას იმ ფონზე, რომ საქართველომ, როგორც ცალკე სახელმწიფომ მეორე სახელმწიფოსთან - აფხაზეთთან შექმნა ერთიანი სახელმწიფო, რომელიც აფხაზეთს, კონფედერაციის დატოვების შემდეგ აძლევს სრულ ლეგიტიმაციას საერთაშორისო აღიარებისთვის.
მრავალი წელია, რუსეთის სპეცსამსახურები ცდილობენ კონფედერაციის გეგმით მოქმედებას, რაც კატეგორიულად მიუღებელია ქართული სახელმწიფოსთვის. ის, ვინც ლობირებს კონფედერაციის იდეას, არის რუსეთის გავლენის აგენტი. როგორც ჩანს, ამ ეტაპზე ამ იდეის შემოტანა ხდება ბატონი ხიდაშელის მეშვეობით, რასაც არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებს ქართული საზოგადოება.
ის პოლიტიკური ძალა, რომელიც შეეცდება მიიღოს ასეთი გადაწყვეტილება და წავიდეს ამ გზით, აუცილებლად გასამართლდება ქვეყნის ღალატისთვის, რადგან აფხაზეთთან კონფედერაციის შექმნა არის ოკუპანტი რუსეთის ინტერესების გატარება და ქვეყნის ეროვნული ინტერესების ღალატი, - აცხადებს პაატა დავითაია.
პოლიტიკურმა გაერთიანება „დროამ“ გაავრცელა ვიდეო გია ვოლსკისა და დავით ხიდაშელის შეხვედრასთან დაკავშირებით.
„დროას” განცხადებით, შეხვედრაზე მათ განიხილეს შემდეგი საკითხები:
აფხაზეთის რკინიგზის აღდგენა;
პირდაპირი ურთიერთობა აფხაზეთის მარიონეტულ რეჟიმთან;
საქართველოს უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების არაფორმალური შეხვედრები საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან აფხაზეთში;
ბიზნეს ურთიერთობები ოკუპირებულ ტერიტორიებზე.