ფოტოებიდან როდესაც ირკვევა, რომ საქართველოს მხრიდან დასანქცირებული ზურაბ ადეიშვილი ხან ბუნდესტაგში ზის კომიტეტის სხდომაზე, ხან ევროკომისიაში მაღალი თანამდებობის პირების კაბინეტებში, რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვის აღმაშფოთებელია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
პაპუაშვილის განცხადებით, იმედოვნებს, რომ ევროკავშირის ელჩი გააკეთებს განმარტებას, ცნობილი იყო თუ არა, ვის ხვდებოდნენ ევროკომისიის წარმომადგენლები და მას შემდეგ, რაც ეს ცნობილი გახდა, რას ეტყვიან ისინი ქართველ ხალხს.
„როდესაც ასეთ ადამიანს ასეთი პატივით სხვადასხვა სათათბირო ოთახებში, სხვადასხვა თანამდებობის პირები ხვდებიან და შემდეგ იმავე ოთახებში, იმავე თანამდებობის პირები ჩვენ გვესაუბრებიან მართლმსაჯულების რეფორმაზე, ვეტინგზე, ადამიანის უფლებებზე, მგონი, ეს საჭიროებს განმარტებას, რომ შემდეგ მათი სიტყვები სერიოზულად აღვიქვათ. ვეტინგი აქ კარგი ტერმინია იმ მხრივ, რომ ზურაბ ადეიშვილი არის ის ადამიანი, რომელიც უკრაინაში ატარებს ამ ვეტინგებს და მისი მოადგილე არის, ვინც მოლდოვაში ატარებს ასეთ ვეტინგებს. როდესაც ჩვენ მაგალითად გვისახავენ უკრაინასა და მოლდოვას, ჩვენი კითხვა არის მარტივი ევროკავშირის მიმართ. ადეიშვილის და ნონა წოწორიას ჩატარებული ვეტინგი არის ჩვენთვის მაგალითი? ამისკენ მოგვიწოდებენ?“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, ამ საკითხს სასწრაფოდ სჭირდება განმარტება.
„იმედია, განმარტებები იქნება და აღმოჩნდება, რომ უბრალოდ არ იცოდა ვიღაცამ და წინდაუხედავად მოხდა ეს შეხვედრები.
ხაზს გავუსვამ, რომ ზურაბ ადეიშვილს ჯამში 18 წელი აქვს მისჯილი. ის არის არა უბრალოდ პოლიტიკურად სანქციის ქვეშ მყოფი ადამიანი საქართველოსგან, არამედ სასამართლოს სტანდარტით დასანქცირებული ადამიანი, რომლის სასჯელის აღსრულებასაც ელოდება ქართველი ხალხი. როდესაც საქართველოს მხრიდან დასანქცირებული ადამიანი შემდეგ ასეთი ფოტოებით გაირკვევა, რომ ხან ბუნდესტაგში ზის კომიტეტის სხდომაზე, ხან ევროკომისიაში ზის მაღალი თანამდებობის პირების კაბინეტებში, რა თქმა უნდა, ეს არის ჩვენთვის აღმაშფოთებელი. ჩვენ პირნათლად ვიცავთ სანქციებს, რომლებსაც ევროკავშირი ან სხვა ქვეყნები აწესებენ და უზრუნველვყოფთ, რომ გვერდის ავლა არ მოხდეს. როგორც ჩანს, ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში გვერდს უვლიან საქართველოს მიერ დაწესებულ სასამართლო სანქციებს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.