ჩრდილოეთ ნორვეგიაში ნატო-ს მასშტაბური წვრთნები Nordic Response 2024 დაიწყო. წვრთნები გაიმართება ფინეთსა და შვედეთში.
წვრთნების პირველ დღეს ჯარისკაცებმა უნდა განახორციელონ "კონტრშეტევა" ნორვეგიის ქალაქ ალტას ტერიტორიიდან (რუსეთთან საზღვრიდან დაახლოებით 500 კმ), რათა გაათავისუფლონ მის სამხრეთით მდებარე ტერიტორიები. რომლებიც მანევრის სცენარის მიხედვით უკვე „მტრის მიერ არის ოკუპირებული“.
ნორვეგიის ცნობით, Nordic Response 2024-ში 13 მოკავშირე ქვეყნიდან დაახლოებით 20 000 ჯარისკაცი მონაწილეობს - მათ შორის ფინეთი და შვედეთი, რომლებმაც გადაწყვიტეს შეუერთდნენ ალიანსს უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ.
წვრთნები 15 მარტამდე გაგრძელდება ბელგიის, დიდი ბრიტანეთის, კანადის, დანიის, ფინეთის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, ნიდერლანდების, ნორვეგიის, ესპანეთის, შვედეთისა და შეერთებული შტატების მონაწილეობით.
გავრცელებული ინფორმაციით, წვრთნებში მონაწილე ჯარების დაახლოებით ნახევარი ჩაერთვება ხმელეთზე, დანარჩენი კი ზღვაზე.
კერძოდ, ჩართული იქნება 50-ზე მეტი წყალქვეშა ნავი, ფრეგატი, კორვეტი, ავიამზიდი და სხვადასხვა სადესანტო ხომალდი, ხოლო ჰაერში - 100-ზე მეტი გამანადგურებელი, სატრანსპორტო თვითმფრინავი, საზღვაო სადაზვერვო თვითმფრინავი და ვერტმფრენი.
ნორვეგიელი სამხედროების განცხადებით, ერთობლივი წვრთნები სკანდინავიის რეგიონის დაცვასა და თავდაცვაზე იქნება ორიენტირებული.