გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა განაცხადა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის მოწოდება მოკავშირეებისადმი არ იყვნენ მშიშრები, უკრაინის სამხედრო დახმარების პრობლემას ვერ მოაგვარებს.
გერმანიის თავდაცვის მინისტრის თქმით, დისკუსიები უკრაინაში დასავლეთის ჯარების შესახებ ან იმაზე „მეტი გამბედაობა გვაქვს თუ ნაკლები“, არ არის საჭირო.
„ეს არის ის, რაც ნამდვილად არ უწყობს ხელს იმ პრობლემების გადაჭრას, რაც ჩვენ გვაქვს, როდესაც საქმე ეხება უკრაინის დახმარებას“, - დასძინა პისტორიუსმა.
საფრანგეთის პრეზიდენტმა, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომზე საუბრისას, თქვა, რომ დადგა დრო, უკრაინის მოკავშირეები გაძლიერდნენ და არ იყვნენ მშიშრები.
ამასთან, მაკრონმა გასულ კვირას განაცხადა, რომ უკრაინაში დასავლეთის ჯარების გაგზავნის შესაძლებლობა გამორიცხული არ არის. შემდგომში მან განმარტა, რომ მისი რეზონანსული სიტყვები საგულდაგულოდ იყო აწონილ-დაწონილი და გააზრებული.
მალევე, საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებებმა უარყოფითი რეაქცია გამოიწვია მოკავშირე ქვეყნების მთავრობებში, რომელთა ლიდერებმა სასწრაფოდ განაცხადეს, რომ ისინი არ გაგზავნიან ჯარს უკრაინაში.