ოთხდღიანი საპროტესტო მსვლელობის შემდეგ ისრაელის ქალაქებში, ათასობით მოქალაქემ იერუსალიმში დემონსტრაცია გამართა და ხელისუფლებას მოუწოდა ყველაფერი გააკეთოს ტერორისტული დაჯგუფება ჰამასის მიერ გატაცებული ადამიანების გასათავისუფლებლად. აქციის მონაწილეებმა მძევლების გათავისუფლებასთან ერთად ბენიამინ ნეთანიაჰუს გადადგომაც მოითხოვეს.
AFP-ის ცნობით, დემონსტრაციაში სულ მცირე 20 ათასი ადამიანი მონაწილეობდა.
მთავარი აქცია იერუსალიმში საფრანგეთის მოედანზე, ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს რეზიდენციის გვერდით გაიმართა. მძევლების ახლობლები და მათ მიმართ სოლიდარული მოქალქეები ხელისუფლებას მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმების დაუყოვნებლივ გაფორმებას მოითხოვდა.
დიდი საპროტესტო აქციები გაიმართა ისრაელის სხვა რამდენიმე ქალაქშიც. თელ-ავივში მომიტინგეებმა გადაკეტეს მთავარი გზატკეცილი, თუმცა პოლიციამ აქციის მონაწილეებს ტერიტორიაზე მალევე დაატოვებინა.